“ვარ მზად, თავი შევწირო ამ რეჟიმს”, – ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს.
ამაზე ჟურნალისტებს მან თავად უთხრა რუსთაველის გამზირზე, სადაც ის ახლა იმყოფება.
მისი თქმით, მისი შიმშილობა მტკიცე გადაწყვეტილებაა და თავგანწირული ნაბიჯი არ არის.
“რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ბრძოლა იმართება. ეს ბრძოლა რუსეთთან ბრძოლაა. ეს არ არის “ქართულ ოცნებასთან” და პატარა პარტიებთან ბრძოლა – რუსეთთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში ჩვენ ბევრი ეტაპი გავიარეთ. იყო ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 000 ადამიანი იყო გარეთ და ვართ ძლიერები… გავიარეთ ეტაპი, როდესაც პოლიტიკოსებს იჭერენ, როდესაც პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებათ და ამ დროს ისინი ციხეში არიან. მძიმე და საამაყო ეტაპები გავიარეთ. ახლა, როდესაც რეჟიმი ახალ შეტევაზე გადმოვიდა და პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი დაიჭირა, მე მინდა ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო. ეს არ არის ემოციური ფორმა. ეს გამარჯვებაზე ორიენტირებული პროტესტია, მე ვიწყებ შიმშილობას აქ, არ მოვიცვლი ფეხს რუსთაველიდან. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა.
თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ასს, ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”, – თქვა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა.
“ხალხისთვის ვამბობ – რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის გზა. მე ვერავის ვასწავლი, როდის გამოვიდეს ქუჩაში. ვერავის მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს. საკუთარ მაგალითზე ვამბობ, ვარ მზად, თავი შევწირო ამ რეჟიმს და მე შევძლებ”, – თქვა ხოშტარიამ.