დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დანია „მიზნობრივ სანქციებს“ ემხრობა.
„დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის არაერთი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას“, – წერია 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, – აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი.
27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს რვა პოლიტიკოსი, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯათ ან წინასწარ პატიმრობაში არიან და დღე-დღეზე ელიან განაჩენის გამოცხადებას.
· ნიკა მელია – მას დღეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
· გიორგი ვაშაძე – მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; იგი 24 ივნისს დააპატიმრეს.
· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მიუსაჯეს რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – მიუსაჯეს შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
დამოუკიდებელი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კი 2025 წლის 11 იანვრიდან არის დაპატიმრებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო და მასზე „თავდასხმას“ ედავებიან.
18 ივნისიდან დღემდე ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო სასამართლოს განჩინება, რომელსაც საფუძვლად ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა უდევს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათ სთხოვენ გრანტების ფარგლებში დადებულ ყველა ტიპის დოკუმენტთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:
· თანხების გაცემის გრაფიკს;
· მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას – ყველანაირი დეტალის მითითებით;
· მიღება-ჩაბარების აქტებს;
· ხელფასის უწყისებს;
· ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას – საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
· მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
· დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
ფორუმი
