სააპელაციომ ძალაში დატოვა ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აქტივისტისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნინო დათაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ – დათაშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოში თავად გახდა მანდატურების ძალადობის მსხვერპლი, საჯარო მოხელეზე თავდასხმისთვის არის ბრალდებული.
“სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, შეიცავს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან და აბსტრაქტულ მსჯელობას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არსებობს “დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თუმცა, აღნიშნულ საფრთხეებს ფაქტობრივი გარემოებებით ვერცერთი ინსტანცია ადასტურებს.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან იმდენად მაღალია მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამცირებს მითითებულ რისკებს და გავლენას ვერ ახდენს პატიმრობის მართლზომიერებაზე. კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საფრთხეებზე, განჩინებაში მითითებული არ არის” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც დათაშვილის ინტერესებს იცავს.
PHR საჩივარში უთითებდა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად უდანაშაულო ქალი იმყოფებოდა პატიმრობაში. ასევე, PHR-მა მოითხოვა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რადგან სასამართლო პროცესზე, ნინოს თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ არ განმარტა მისთვის გირაოს გამოყენებაზე უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებზე არ მსჯელობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე. 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა მოხდა აქტივისტ ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის.
მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოშიც ჩანდა, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა.
ფორუმი