საქართველომ ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ხმა არ მისცა. Netgazeti-ს ინფორმაციით, საქართველომ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გამოცემის თანახმად, 24 ივნისის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ ხმა მისცა უნგრეთმა, თურქეთმა და სერბეთმა.
24 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ალან ბერსეს აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიანიჭა. საქართველომ, რომელმაც აპრილში მხარი დაუჭირა უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მომზადებას, შეთანხმების ხელმოწერას შემდეგ ხმა არ მისცა.
მინისტრთა კომიტეტზე კენჭისყრის შედეგები დახურულია, თუმცა 26 მაისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ დებატებზე საქართველოს პოზიცია უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გააჟღერა და თქვა: “წევრი ქვეყნებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა”.
26 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბარსემ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს.
