ადვოკატი – ნიკა მელია არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს განაჩენით მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას

ნიკა მელია არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ყველა გადაწყვეტილება, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიიღება, პოლიტიკურია.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, ნიკა მელიას განუსაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება 25 000-ლარიან ჯარიმას, ჩვენ უკვე სათვალავი აგვერია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს, ნიკას ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ასახა მოსამართლემ წინა აღუსრულებელი განაჩენი და საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 25 000 ლარი ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რაც არ უნდა იკითხონ და წერონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული სასჯელის აღსრულებას, რაც ჯარიმას გულისხმობს. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, ის ორჯერ არის დაპატიმრებული, დღეს საერთოდ, გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არის გამოყენებული. ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე [ირაკლი შვანგირაძე] საერთოდ არ არის გამოკითხული და პროკურატურას არ აინტერესებს პოზიცია, შეურაცხყოფილი არის თუ არა მოსამართლე“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
მისივე განმარტებით, მელიას მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება. ადვოკატის თქმითვე, სახელმწიფო „ნიკა მელიას უკანონო გატაცების ფაქტზე ამ დრომდე არ რეაგირებს“.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ