საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, დავით გარეჯზე დუმს | პატარაძეს წლიურ ანგარიშში ისტორიული კომპლექსის თემა არ უხსენებია

ქართული ოცნება დავით გარეჯზე დუმილს აგრძელებს. საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში დღეს პარლამენტის საგარეო კომიტეტის წინაშე ერთ წლიანი საქმიანობის მოხსენება ისე წარადგინა, რომ ისტორიული კომპლექსის და ტერიტორიული დავის თემა საერთოდ არ უხსენებია. მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა ზურაბ პატარაძემ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად – თუმცა რას ნიშნავს ეს სიტყვები და რას აკეთებს ხელისუფლება – სრულიად გაუგებარია.
პატარიძემ ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა კომენტარი, რაც შეკითხვები ჟურნალისტებმა დაუსვეს:
ეს არის ცოცხალი პროცესი. თქვენ იცით, ამასთან დაკავშირებით ასევე მუშაობენ კომისიები. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას. აუცილებლად იქნება შედეგი. ძალიან გთხოვთ, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. როგორც არასდროს, ისეთი მაღალი დონის დიალოგი არის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ჭრილში. დღეს ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის არსებობს ძალიან კარგი კომუნიკაცია” ამბობს პატარიძე ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად.