29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 18 და დაჭრილია 130-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმა განხორციელდა როგორც სამოქალაქო შენობებზე კიევში, ისე ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წლის ბოლოს მასშტაბურმა საჰაერო თავდასხმამ აჩვენა, რომ იმ დროს, როდესაც კიევისთვის დასავლეთის სასიცოცხლო მხარდაჭერის მომავალზე გაურკვეველი სიტუაციაა, კრემლთან „არავითარი საუბარი არ უნდა იყოს ზავის შესახებ“.
“დღეს მილიონობით უკრაინელმა გაიღვიძა აფეთქებების ხმამაღალი ხმით. ვისურვებდი, რომ უკრაინაში აფეთქებათა ეს ხმები მთელ მსოფლიოს ესმოდეს”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ და მოუწოდა მოკავშირეებს გააგრძელონ ქვეყნის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება.
უკრაინის დედაქალაქ კიევში, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საცხოვრებელ კორპუსს და კიდევ ერთ დაუსახლებელ საკუთრებას დაარტყა.
კიევის მცხოვრებმა მარიამ სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ სახლში ყოფნისას, “საშინელმა ხმამ” გააღვიძა და აბაზანას შეაფარა თავი.
საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გასროლილი 158 საჰაერო „სამიზნიდან“, მათ 87 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი ჩამოაგდეს.
ნატოს წევრი ქვეყნის, პოლონეთის სამხედროებმა კი თქვეს, რომ დაუდგენელი საჰაერო ობიექტი მის საჰაერო სივრცეში შევიდა მეზობელი უკრაინიდან. პოლონეთში ამბობენ, რომ საჰაერო უსაფრთხოების სამსახური თვალს ადევნებდა საფრენ აპარატს იქამდე, ვიდრე მისი სიგნალი არ გაქრა.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა არც უარყო და არც დაადასტურა პოლონეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები პოლონეთსა და რუმინეთში რუსული საჰაერო თავდასხმების დროს აქამდეც მომხდარა.
არმიის მეთაურმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამრეწველო და სამხედრო ობიექტები. რუსეთს კომენტარი მომხდართან დაკავშირებით, არ გაუკეთებია.
„რუსეთი თავს დაგვესხა ყველაფრით, რაც მის არსენალშია… გასროლილი იქნა დაახლოებით 110 რაკეტა, რომელთა უმეტესობაც ჩამოაგდეს“, – დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხოციალური ქსელის “ტელეგრამის” არხზე.