ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში – გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მხოლოდ 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
„ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის მონაცემები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს – მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26,7%-ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამ წელიწადში ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1 400 000-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არავითარი ფასი არ ექნება, თუ ამით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ. ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.
„ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.4%, მთავრობის ვალი: 36.1% – აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და, ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.
საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში – ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის“, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას,“- განაცხადა პრემიერმა.
