თენგიზ შარმანაშვილი გივი თარგამაძეზე – მან იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ მაინც არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე – ჩვენ ვერაფერს ვუშველით ადამიანს, რომელიც თვითდაპატიმრებისკენ არის განწყობილი

მან [გივი თარგამაძემ] იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ ვერაფერს ვუშველით ადამიანს, რომელიც თვითდაპატიმრებისკენ არის განწყობილი, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსები „არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან“.
„რა პოლიტპატიმრობაზეა საუბარი? საგამოძიებო კომისიაზე მხოლოდ რეგლამენტის ან სხვა რაიმე დოკუმენტში არ წერია – კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა, ვისაც ამ კომისიაზე გამოიძახებენ, ვალდებულია გამოცხადდეს. როდესაც წინასწარ იცი, თვეების განმავლობაში საჯაროდ გაფრთხილებდნენ, შემდეგ პირადადაც გაგაფრთხილეს, გამოგიძახეს და მაინც თავს არიდებ – ძალიან კარგად იცი, როგორ დამთავრდება. ესე იგი ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოცხადდა, არასწორად მოიქცა? საქმე იმაშია, რომ ისინი სწორად მოიქცნენ. მან [გივი თარგამაძემ] იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ ვერაფერს ვუშველით ადამიანს, რომელიც თვითდაპატიმრებისკენ არის განწყობილი. იმის მერე, რაც ზოგიერთი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, გირაო შეუფარდეს, იცოდნენ გირაოს გადაუხდელობა რას გამოიწვევდა და მაინც არ გადაიხადეს.
ისინი კომისიის წინაშე ჩვენებებს არ იძლეოდნენ, მაგრამ სასამართლოში რომ მივიდნენ, ყველა მათგანმა ხომ მისცა ჩვენება? დაკითხვის სხვადასხვა ეტაპი რომ იყო, ხომ თვითონ მოითხოვეს დამკითხეთო? იგივე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ? ესე იგი სასამართლოს პრეროგატივას ცნობ და მერე გადაწყვეტილებას რატომ არ სცნობ? არათანმიმდევრულები არიან და იმდენ შეცდომას უშვებენ, რომ შემდეგ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე ვერ ამართლებენ და თითს იშვერენ, პოლიტპატიმრები ვართო. არავითარი პოლიტპატიმრები ისინი არ არიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.