ეჯმიაწინში დაძაბულობაა – ეკლესიასთან მობილიზებულები არიან სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის მხარდამჭერები, ასევე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
ეჯმიაწინში იმყოფება სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II, რომელიც ნიკოლ ფაშინიანთან დაპირისპირებულია.
მონასტერში მყოფმა ერთ-ერთმა მღვდელმა, ასოღიკ კარაპეტიანმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„ყველანი ეჯმიაწინში ვართ. ისინი [ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა] ეჯმიაწინში მოვიდნენ. ან ჩვენ ყველას დაპატიმრება მოგიწევთ, ან ჩვენი ცხედრების აქედან გატანა“, – დაწერა მან ფეისბუკზე.
მანამდე მცირე ხნით ადრე შირაკის საეპისკოპოში (გიუმრიში), არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ დაიწყო საგამოძებო მოქმედებები.
ეს ღონისძიება ამ ეტაპზე დასრულებულია – იგი ამჟამად არა შირაკის საეპისკოპოში, არამედ ეჯმიაწინში იმყოფება.
აჯაპაჰიანსაც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება ედება ბრალად.
რამდენიმე წუთის წინ მრევლს მიმართა პატრიარქმა გარეგინ II-მ და განაცხადა, რომ აჯაპაჰიანი – რომელიც მის გვერდით იმყოფება, – სამართალდამცავებს ჩაბარდება.
ორი დღის წინ, 25 ივნისს, სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ანტისამთავრობო მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.
ფორუმი
