გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მიდის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მიდის.
მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას გივი თარგამაძე საკუთარ სახლში ელოდებოდა.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, გივი თარგამაძე დამნაშავედ ცნო, ის მეგობრებთან ერთად ვაკის პოლიციის განყოფილებისკენ თავად წავიდა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.