ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე „გამარჯვება“ გამოაცხადა თავის პირველ ვიდეოგზავნილში მას შემდეგ, რაც აშშ-ის შუამავლობით ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ისრაელთან 12-დღიანი ომის განმავლობაში 86 წლის ხამენეი უმეტესწილად საჯაროდ არ ჩნდებოდა და მხოლოდ ორი ვიდეოგზავნილი გაავრცელა. მეორე 19 ივნისს გავრცელდა და დიდი ალბათობით ბუნკერში იყო ჩაწერილი, რაზეც სავარაუდოდ მეტყველებდა ჩანაწერის დაბალი ხარისხი.
თავის ახალ ვიდეომიმართვაში, რომელსაც წინასთან შედარებით უკეთესი ხარისხის ხმა ჰქონდა, ხამენეიმ ირანელებს „ყალბ სიონისტურ რეჟიმზე გამარჯვება“ მიულოცა და ამტკიცებს, რომ ისრაელი „თითქმის დაძაბუნდა და განადგურდა ისლამური რესპუბლიკის დარტყმის შედეგად“.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შესახებ ხამენეიმ განაცხადა, რომ „ამერიკელებმა ვერ მოახერხეს რამე მნიშვნელოვანი გაეკეთებინათ“ და რომ ვაშინგტონი „აზვიადებს“ ზიანს იმისთვის, რომ „სიმართლე დამალოს“.
აშშ-ის მაღალჩინოსნები ლაპარაკობენ ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებულ „მონუმენტურ ზიანზე“. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „ზუსტი ნათქვამია განადგურება“ და ის უნდა იყოს გამოყენებული აშშ-ის მიერ ობიექტების დაბომბვის აღსაწერად.
აშშ-ის დაზვერვის წინასწარმა ანგარიშმა გარკვეული კითხვები გააჩინა ირანის სამი ბირთვული ობიექტისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, ფორდოს ურანის გამამდიდრებელ ობიექტზე აშშ-ის იერიშით გამოწვეული ზიანი „ძალიან მნიშვნელოვანია“. ეს ობიექტი ირანის ცენტრში მთების სიღრმეში მდებარეობს.
ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა ისრაელს და ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა კი ირანის ათობით სამხედრო ლიდერი და მეცნიერი დახოცა, იერიში მიიტანა არაერთ სამხედრო ობიექტზე. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ს „არაფერი მოუგია ამ ომით“ და „ძლიერ სილის გაწვნად“ წარმოაჩინა ირანის საპასუხო იერიში კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე.
ხამენეი გამოეხმაურა აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას ირანის „უპირობო დანებებისკენ“ და განაცხადა, რომ ირანი „არასდროს“ დანებდება.
მისი თქმით, ტრამპის მოთხოვნები ნათელყოფს, რომ ირანის „მტრები“ მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იყენებენ „საბაბად“ თეირანის დანებებისკენ იძულებისთვის.
ფორუმი
