„სანქციები მეგობრობას ჩრდილს აყენებს“ – მაკა ბოჭორიშვილს ბრიტანეთის ელჩი შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს, შეხვდა. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა გარეთ უორდთან ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
„მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.
საქართველოში პროევროპული აქციები 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. პოლიციამ აქციების დაშლის დროს იძალადა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე – ამ დრომდე არავინ არის დასჯილი.

დიდმა ბრიტანეთმა კი „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“ სანქციები დაუწესა სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის იყვნენ გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო „უცხოური დაფინანსების“ საკითხსაც. „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული სახით მიღებული „გრანტების შესახებ“ კანონით, დონორს არ შეუძლია მთავრობის ნებართვის გარეშე დააფინანსოს მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციები.
11 ივნისს საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა ცნობა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ შექმნილი გაურკვევლობის გამო მოუწიათ საგრანტო კონკურსის გაუქმება, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო საკითხებს.
„საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები“.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დროს ელჩს განუმარტეს, რომ „წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია“.
ფორუმი