რა წერია ნატოს ჰააგის სამიტის დეკლარაციაში – თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე

25 ივნისს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ნატოს ჰააგის სამიტის დეკლარაცია, რომლის შესავალშივე ალიანსის წევრები ადასტურებენ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლისადმი მტკიცე ერთგულებას:
„თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე. ვრჩებით ერთიანები და მტკიცეები ჩვენი პრინციპისადმი, რომ დავიცავთ ჩვენს ერთ მილიარდ მოქალაქეს, დავიცავთ ალიანსს და დავიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას“.
ნატოს ჰააგის დეკლარაცია შედგება ოთხი მუხლისგან. პირველი მუხლი გრძელვადიან საფრთხედ – რუსეთს, მუდმივ საფრთხედ კი ტერორიზმს განსაზღვრავს და ადასტურებს ალიანსის გადაწყვეტილებას თავდაცვითი ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზრდაზე:
“1. არიან რა ერთიანნი ძლიერი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ს მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხისა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის პირისპირ, მოკავშირეები მზად არიან 2035 წლისთვის მშპ-ს 5%-ის ინვესტირებისთვის როგორც ძირითად თავდაცვით საჭიროებებში, ისე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებში იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ინდივიდუალური და კოლექტიური ვალდებულებები, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად. ჩვენი ინვესტიციები უზრუნველყოფს, რომ გვყავდეს ძალები, გვქონდეს შესაძლებლობები, რესურსები, ინფრასტრუქტურა, საომარი მზადყოფნა და მედეგობა, რომელიც საჭიროა შეკავებისა და თავდაცვისთვის, ჩვენი სამი ძირითადი ამოცანის: შეკავებისა და თავდაცვის, კრიზისის პრევენციისა და მართვის და თანამშრომლური უსაფრთხოების შესაბამისად”.
დეკლარაციის მეორე მუხლში განმარტებულია 5%-იანი ხარჯის სტრუქტურა და ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა იქნება მტკიცე და მისთვის გასაწევი დახმარება იქნება მოკავშირეთა თავდაცვითი ხარჯების შემადგენელი ნაწილი:
“2. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ეს 5%-იანი ვალდებულება შედგენილი იქნება თავდაცვაში ინვესტირების ორი აუცილებელი კატეგორიისგან. 2035 წლისთვის მოკავშირეები ყოველწლიურად გამოყოფენ მშპ-ს მინიმუმ 3.5%-ს ნატოს თავდაცვითი ხარჯის შეთანხმებული განსაზღვრების შესაბამისად, რომ დაფინანსდეს ძირითადი თავდაცვითი მოთხოვნები და „ნატოს შესაძლებლობათა მიზნები“ (NATO’ Capability Targets). მოკავშირეები თანხმდებიან წარმოადგინონ წლიური გეგმები, რომლებიც აჩვენებს სანდო, ეტაპობრივ გზას აღნიშნული მიზნის მისაღწევად. მოკავშირეები წლიურად გაიღებენ მშპ-ს 1.5%-მდე, მათ შორის ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, ჩვენი ქსელების დასაცავად, სამოქალაქო მზადყოფნისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, ინოვაციების წასახალისებლად და ჩვენი თავდაცვითი საწარმოო ბაზის გასაძლიერებლად. ამ გეგმის შესაბამისად გაწეული ხარჯების ტრაექტორია და ბალანსი გადაიხედება 2029 წელს, სტრატეგიული გარემოსა და განახლებული „შესაძლებლობათა სამიზნეების“ მიხედვით. მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე სუვერენულ ვალდებულებებს უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის უსაფრთხოება ეხმარება ჩვენსას და ამ მიზნით, მოკავშირეების თავდაცვითი ხარჯების კალკულაციისას გათვალისწინებული იქნება პირდაპირი კონტრიბუცია უკრაინის თავდაცვასა და მის თავდაცვით ინდუსტრიაში”.
კვლავ ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას სწრაფად გავაფართოოთ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა თავდაცვითი ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სულისკვეთების ხელშეწყობა, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ვიმუშავებთ თავდაცვაში სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრაზე და გამოვიყენებთ ჩვენს პარტნიორობას თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობის განსავითარებლად.
ჰააგის სამიტის მთავარი დოკუმენტის მესამე მუხლი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და ინოვაციების წახალისებას ეხება:
“3. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას თავდაცვით ინდუსტრიაში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის სწრაფად გაფართოებასა და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სულისკვეთების ხელშესაწყობად, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ვიმუშავებთ თავდაცვაში სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრაზე და გამოვიყენებთ ჩვენს პარტნიორობას თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობის განსავითარებლად”.
დეკლარაციის მეოთხე მუხლში მოკავშირეები მადლობას უხდიან ნიდერლანდების სამეფოს “გულუხვი მასპინძლობისთვის” და 2026 წლის სამიტის ადგილად თურქეთს, შემდგომ მასპინძლად კი ალბანეთს ასახელებენ.
24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართა ნატოს სამიტი, რომლის პარალელურად – ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის გარდა – გაიმართა არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა, მათ შორის – უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, აგრეთვე ნატო-უკრაინის საბჭოს სამუშაო სადილი და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა E5-ის ქვეყნების: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან. სამიტის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა ნატოს სახალხო ფორუმი და ჩატარდა ნატოს თავდაცვითი ინდუსტრიის ფორუმი.