ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე არ აპირებს გაითვალისწინოს ევროპის მოწოდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების შესახებ. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ჰააგაში, ნატოს სამიტში მონაწილეობს, გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის შენარჩუნება სურთ.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპს დაარწმუნებენ საქციების გამკაცრების აუცილებლობაში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ უარყო ცეცხლის შესაწყვეტად აშშ-ის მცდელობები.
თუმცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Politico-ს უთხრა, რომ პრეზიდენტი ამას ჯერჯერობით არ გააკეთებს. „თუ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც აქ ყველას სურს(ახალი სანქციებით ზეწოლა)… დავკარგავთ მათთან(რუსეთთან) ცეცხლის შეწყვეტაზე ლაპარაკის შესაძლებლობას და მაშინ მათთან ვინ ისაუბრებს?“, – განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თანახმად, პრეზიდენტი ახალი ეკონომიკური ზომების მისაღებად შესაფერის დროს და ადგილს შეარჩევს და ადმინისტრაცია კონგრესთან მუშაობს კიდეც, მაგრამ თუ ეს მოხდება, ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში მოლაპარაკებები აღარ იქნება.
უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა ეს ინიციატივა უპასუხოდ დატოვა.
უკრაინამ ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა მოითხოვა რუსეთთან თურქეთის ქალაქ სტამბოლში 16 მაისს და 2 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზეც. ორი რაუნდის შედეგად მხარეები მხოლოდ ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
2 ივნისს მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან. უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.
უკრაინა თავისი ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებს.
ევროკავშირი ამ კვირაში აპირებს უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას, რომელიც ენერგომატარებლების იმპორტის შემდგომ შეზღუდვასაც უნდა შეხებოდა. ამას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთი.
