პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
როგორც „ნეტგაზეთს“ ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განუცხადა, ზვიად რატიანს ედავებიან, „თითქოს იგი თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროს თეიმურაზ მეშველაშვილს და ხელი გაარტყა სახეში“.
ადვოკატი ჯერ არ გასცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გადაეცა, თუმცა მათ შორისაა დაზარალებულის და მისი ორი მოადგილის გამოკითხვის ოქმი.
ადვოკატი აცხადებს, რომ ზვიად რატიანისადმი არასათანადო მოპყრობას დაკავებისას ან შემდეგ ადგილი არ ჰქონია. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატისვე ცნობით, პროკურატურა ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს და სასამართლო პროცესი
დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 208-ე დღეს გამართულ აქციაზე დააკავეს.
