როსტომ ჩხეიძე: ლამის ჩაწყდეს ჩვენი წილი მიწა ხეების ფესვებს და ჩაექანოს არაფერსა და სიცარიელეში…

“სად მიიდრიკო თავი
(24 ივნისის ქრონიკა)
ზვიად რატიანის გამძაფრებულ წარმოსახვაში ასე უნდა შემოცურებულიყო ისტორიის ბოლო გაკვეთილის ხილვა:
თუ როგორ ჩაწყდებოდა დედამიწა ხეების ფესვებს და როგორ ჩაქანდებოდა არაფერში, და როგორ დარჩებოდნენ ხეები მაღლა და როგორ ირხეოდნენ სიცარიელეში, განა მხოლოდ ტოტებითა და კენწეროთი – ძირფესვიანად.
აპოკალიპტური ხილვის ნაგლეჯია, ასე ხელშესახებად რომ გამოხატავს თავდაყირა დამდგარ ყოფით რეალობასაც, რომელშიც მოვხვედრილვართ და რომელიც ვერა ჰგუობს ზვიად რატიანისთანა პიროვნებებს.
ველოდით, განა არა, რომ ვერ გადაურჩებოდათ.
ისე ამოემიზნებინათ, სადმე უხელთებდნენ დროს და…
აჰა კიდეც…
მელიებს ხვრელი უჩთ და ფრინველთა – ცისათა საყოფელი, ხოლო ზვიად რატიანს არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
როდესაც დაინახავდა:
როგორ დამსხვრეულიყო მისი თანდაყოლილი სარკე და ყველა ნამსხვრევში მისი სახის სხვადასხვა დროს არეკლილი ნამცეცი ჩარჩენილიყო, დააჩერდებოდა შუშის გუბეს და ვერაფრით გამოარკვევდა:
თუ როგორ უნდა გამოეხშირა აქედან ტანჯვა და სიხარული მოეხვეტა ცალკე.
ეს მხოლოდ ოცნება იქნებოდა სიხარულზე, თორემ სადღა შერჩენილიყო, ნამცეცებადაც არა, მათი შეგროვება რომ გეცადა.
ტანჯვისათვის გაუჩენია ადამიანი ღმერთსო, – ამ მწარე სიმართლეს ხევისბერი გოჩას პირით გვამცნობდა ალექსანდრე ყაზბეგი.
ზვიად რატიანი რიღასთვის გაეჩინა:
ტანჯვისა და დაჭერებისთვისაც, რათა არ დაუტოვონ თავის მისადრეკელი და ნატვრით შენატროს ფრინველთ, ცა რომ აქვთ სამყოფელად…
ეს სად მოვხვედრილვართ:
ლამის ჩაწყდეს ჩვენი წილი მიწა ხეების ფესვებს და ჩაექანოს არაფერსა და სიცარიელეში…” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი როსტომ ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს