სასამართლო სხდომის გადაღებაზე ნებართვას, მოსამართლის ნაცვლად, იუსტიციის საბჭო გასცემს

„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ სასამართლო პროცესების გადაღებაზე ნებართვა მოსამართლის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასცეს.
ამის შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
ცვლილებებით, რომელსაც „ოცნება“ დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილავს და მიიღებს, სასამართლო პროცესების გაშუქების წესები ფუნდამენტურად იცვლება და მედიისთვის პროცესების გაშუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
კანონპროექტის ინიცირებული ვერსიით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა, მხოლოდ მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
თუმცა საკომიტეტო განხილვაზე ეს შეიცვალა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მოსამართლის ნაცვლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გადავიდა.
ამასთან, საკომიტეტო განხილვაზე არჩილ გორდულაძემ განმარტა, რატომ ფაქტობრივად, რატომ კრძალავენ მედიისთვის სასამართლოს სხდომების გადაღებას.
გორდულაძის მტკიცებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სასამართლო პროცესებიდან დეზინფორმაცია ვრცელდება.
„მოქმედი რედაქციით, ყველას აქვს შესაძლებლობა ფოტო და ვიდეო გადაღების. ოღონდ ყველაში იგულისხმება ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ არ მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინ სხვა მაუწყებლებსაც აქვთ შესაძლებლობა და ამავდროულად, არავითარი რეგულაცია არ არსებობს სასამართლო დარბაზში, მაუწყებლების გარდა, სხვა პირების მიერ ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკაში, ნორმას, რომლის მიზანიც არის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს, ბოროტად იყენებენ ადამიანები და ცდილობენ სასამართლო სხდომათა დარბაზში მოაწყონ შოუ და ამ გზით თავიანთი პოლიტიკური მიზნები შეასრულონ.
არაერთხელ გვინახავს სასამართლო გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობები, რომელიც სასამართლო სხდომამდე იწყება, გრძელდება სასამართლო პროცესზე და გვირგვინდება სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საუბარია ხოლმე არაერთ გადაწყვეტილებაზე, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის მიღებული და ფაქტების დამახინჯებით გამოტანა ხდება. რეალურად, საზოგადოების ინფორმირება კი არა, პირიქით, დეზინფორმაციის გავრცელება ხდება ხოლმე სასამართლო პროცესებიდან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც გორდულაძემ თქვა, ცვლილებების დაჩქარებულად მიღების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს, რამდენად მაღალია კონკრეტული პროცესისადმი საზოგადოებრივი ინტერესი და გასცეს თუ არა ნებართვა მის გადაღებაზე.
„ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესია, რომ დაცული იყოს მართლმსაჯულება – მოსამართლის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულ იყოს მშვიდ გარემოში, მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქმე მშვიდად განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თავისი შინაგანი რწმენით და ამავდროულად, დაცული იყოს საზოგადოების ინტერესიც ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.
უნდა გვქონდეს დაბალანსებული სივრცე, რასაც უზრუნველყოფს წარმოდგენილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ასევე დარბაზთან მისასვლელ კორიდორშიც და სასამართლოს ეზოშიც ფოტო და ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს თვითონვე ექნება შესაძლებლობა გაავრცელოს ფოტო, კინო და ვიდეო გადაღების მასალები, თუ არ ეწინააღმდეგება სხვადასხვა საკითხს.
ამავდროულად, ინიციირებული ვერსიისგან განსხვავებით, გთავაზობთ, რომ კონკრეტულ სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეო გადაღების დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოების მაღალი ინტერესი შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.