ეროვნული ბანკის საბაზისო პროგნოზით, მომდევნო წლებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირებას დაიწყებს. 2024 წელს რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით შემცირდება, 1%-ით შემცირდება ასევე 2025 წელსაც, ხოლო 2026 წელს განაკვეთი 0.75%-ით დაიკლებს.
„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რეჟიმიდან ნელი ტემპით გამოვა და პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეს – მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტს – საშუალოვადიან პერიოდში მცირე ბიჯებით დაუახლოვდება.
გლობალურად მაღალინფლაციური მოლოდინების მოსათოკად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა როგორც განვითარებულ, ისე მზარდ და განვითარებად ქვეყნებში. ფინანსური პირობების გამკაცრებისა და ქვეყნებს შორის მიღწეული გარკვეული შეთანხმებების შედეგად, სასურსათო პროდუქციის ფასებზე წნეხი შემცირდა და კლება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ბაზრების გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის შედეგად სამომხმარებლო საქონელზე ფასების შემცირება არაერთგვაროვნად მიმდინარეობს, რაც მონეტარული პოლიტიკის კუთხით განსხვავებულ რეაგირებებს მოითხოვს. შესაბამისად, გლობალური ეკონომიკის აღდგენის ტემპის მიმართ გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.
რაც შეეხება ოპტიმისტურ პროგნოზს, მომავალ წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2%-ით შემცირდება, 2025 წელს კი 0.75%-ით. ეროვნული ბანკის პესიმისტური პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს განაკვეთის 0.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი, 2025 წელს კი 0.75%-იანი.