სომხეთში ფაშინიანის მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი გალსტანიანი დააკავეს – მედია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაშალეს „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო ჯგუფის“ მასშტაბური გეგმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის შექმნასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელებში დაწერა. პოსტს თან ერთვოდა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზზე ბმული.
უწყების თანახმად, ამ მოძრაობის ინიციატორი და ხელმძღვანელი არის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც მედია გამოცემების ცნობით, უკვე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, გალსტანიანმა, მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია მოძრაობის მიზანს – ქვეყანაში ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლას – 2024 წლის ნოემბრიდან მიზნად დაისახა ეს განეხორციელებინა კონსტიტუციით დაუშვებელი გზით.
საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ მოძრაობის წევრებმა დაგეგმეს 200-დან 250-მდე დამრტყმელი ჯგუფის ფორმირება, თითოეული დაახლოებით 25-კაციანი, სამხედრო მზადყოფნით. ამ მიზნის მისაღწევად, ისინი აპირებდნენ ტერაქტების მოწყობას, შენობების დაწვას, ათეულობით ავტოკატასტროფის იმიტირებას ქუჩებსა და პროსპექტებზე და სხვა ძალადობრივ ქმედებებს.
News.am იუწყება, რომ სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ მხარდამჭერთა სახლებში, მათ შორის არქიეპისკოპოს გალსტანიანის საცხოვრებელში.
„ტერორიზმით ვკავდებოდით, თურმე,“ – ასეთი კომენტარი გააკეთა გალსტანიანმა მიმდინარე პროცესებზე.
17 ივნისს სომხეთის სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამრეწველო-საშენებელი ჰოლდინგის, „ტაშირის“ ხელმძღვანელის, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის სახლში. მას წაუყენეს ბრალდება სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებაში. კარაპეტიანი ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას სომხეთის სამოციქულო ეკლესიისადმი და აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
2024 წლის ზაფხულში სომხეთში გაიმართა ფართომასშტაბიანი პროტესტები, რომელთა მთავარ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ს გადადგომა წარმოადგენდა. ამის მიზეზი გახდა გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, რომლის ფარგლებში ერევანმა ბაქოს კონტროლს ოთხი სოფელი დაუბრუნა. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად სწორედ არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი მოიაზრებოდა