გაგა გოგსაძე: იშვიათად მინახავს რამე, უფრო საზარელი, ვიდრე მდუმარე და პროტესტისგან დაცლილი ხელოვნებაა. ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ გახარებთ კიდეც ზვიადის ასეთი ბედი

პოეტი გაგა გოგსაძე სოციალურ ქსელში წერს:
ვათვალიერებ მწერ-კავშირ-სახლთან მოთანამშრომლე, ფესტივალ-ფესტივალ მოსიარულე პოეტების სოციალურ ქსელებს. არსად არცერთი სიტყვა ზვიად რატიანზე, არც მწუხარება და პროტესტი. არ დაიჯეროთ, რომ ოდესმე რაიმე ღირებულს შექმნით, ან იმას, რასაც დაწერთ, საქვეყნო ფასი ექნება.
პ-ოლიტპატიმარი პ-ოეტი, ეს შემზარავი ბგერწერა თუ სულს არ გისერავთ, ლიტერატურის სირცხვილია, ის რასაც შექმნით!!! იშვიათად მინახავს რამე, უფრო საზარელი, ვიდრე მდუმარე და პროტესტისგან დაცლილი ხელოვნებაა. ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ გახარებთ კიდეც ზვიადის ასეთი ბედი. თქვენ ხომ სინათლის მილიონი წელი გაშორებთ მის პოეტურ და ადამიანურ სიმაღლემდე.
***
წამოტირება
და მევენახის
ბავშვივით გულწრფელ,
მოკლე წყევლაში ჩასახული
სეტყვის სხეული…
ჩვენ ორნი ახლა
ცის გასაბერ ქოხებში ვცხოვრობთ,
ნაჯაფარ ღმერთთან უფრო ახლოს,
ვიდრე სამოთხე
და სულერთია,გვაქვს,თუ არა
მიწიერი ყოფის რაიმე.
პოლიტპატიმარ პოეტს,
სადღაც,ციხის საკანში,
უკვდავებაზე უკვდავების
ნამრავლებს ვესვრით.
კონვენციური გვამებიდან
გაქცევის შემდეგ,
ჩვენს უპოეტეს,
ღრუბლითნაჩით,
ძვირფას ხალათებს
ახლა ვარსკვლავთა ამბორები
აბნევიათ
ლურჯ თილისმებად.
სადღაც მიწაზე
ფერდაკარგულ სიტყვებს რითმავენ,
ჟანგი მეფეა,
პოეზია მისი მსახური.
ცის გასაბერი ქოხებიდან
დავცქერით ისევ,
ძირს მდუმარება აუქოთდათ,
საფესტივალო,
ვითომლექსების
უცრემლო და ჩუმ პანაშვიდებს…
უთანაგანცდო პოეტების
ნიღაბთა ჩრდილში……………………