ნინო დოლიძე – ველოდები, რომ საქმეები აღიძვრება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ – ეს ჟანრის კლასიკაა, ავტორიტარიზმი ასე მიდის, აღარავის ტოვებს

წარმოუდგენელია, სრულად შექმნილი პოლიტიკური მიზეზით ამდენი პოლიტიკური ლიდერი გყავდეს ციხეში – ეს აჩვენებს იმას, რომ თუ კი ადრე „ქართული ოცნება“ და მოჩვენებითად მაინც ცდილობდნენ, რომ დემოკრატიის რაღაც ელემენტები შეენარჩუნებინა, ახლა ეს მოჩვენებაც აღარ არის, – ამის შესახებ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო დოლიძე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია გადაწყვიტა.
„ეს აჩვენებს იმას, რომ თუ კი ადრე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოჩვენებით მაინც ცდილობდნენ, რომ დემოკრატიის რაღაც ელემენტები მაინც შეენარჩუნებინა, ახლა ეს მოჩვენებაც აღარ არის. გადაწყვიტეს „სრული სვლით ავტორიტარიზმისკენ“, ანუ ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია ამ ქვეყანაში. თუ კი რაიმე თავისუფლების სივრცეა დარჩენილი, ეს სივრცეები სრულად ამოქოლონ და ამოავსონ. სავარაუდოდ, ეს არის მათი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, ამდენი პოლიტიკური ლიდერი გყავდეს ციხეში, მათ შორის, სრულად შექმნილი პოლიტიკური მიზეზით. იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისიაზეც არაერთი მსჯელობა გვქონია. ესეც ამისთვის არის შექმნილი“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
დოლიძის თქმით, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად არის დანაშაული საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, „მანამდე უნდა ვისაუბროთ, თავად კომისია როგორ შეიქმნა და აქვს თუ არა პარლამენტს ლეგიტიმაცია“.
„მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და არა შედარება რომელიმე ევროპულ სახელმწიფოზე, სადაც დემოკრატიაა, სადაც კომისიაც დემოკრატიულად იქმნება, არჩევნებიც დემოკრატიულად ტარდება. ჩვენთან ქვეყანა გასულია რაღაც ჩარჩოდან. პოლიტიკური კრიზისია, სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია ქვეყანა და ამ საპარლამენტო არჩევნებს რაც მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, აბსოლუტურად გასაგებია ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციის ლიდერებს აქვთ, რომ არ აღიარებენ ამ პარლამენტს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
დოლიძის აზრით, შესაძლებელი იყო, რომ სასამართლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პატიმრობის მაგივრად, გირაო გამოეყენებინა.
„შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო გირაო. სთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ხომ ვნახეთ, რომ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით გირაო იყო გამოყენებული. იქნებ ასე აპირებდნენ ეს ადამიანები გაგრძელებას? გასაგებია, რომ ზურა ჯაფარიძემ და გვარამიამ სხვა გზა აირჩიეს, მაგრამ აქეთ სხვა გზა იყო არჩეული. ამიტომ, რატომ მოხდა პირდაპირ მძიმე ფორმის გამოყენება? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს რეპრესიული გზით წასვლა და არა ადამიანის უფლებების გზით წასვლა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნაკლებად მძიმე გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, სამომავლოდ, ის ელოდება, რომ დაიწყება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაპატიმრებაც.
„თუ არ ვცდები, უკვე 8 ორგანიზაციას და მათ შორის, „სამართლიან არჩევნებსაც“ მიუვიდა რაჟდენ კუპრაშვილის წერილი, რითაც ითხოვენ აურაცხელ ინფორმაციას, მათ შორის დაცულ, საიდუმლო ინფორმაციას ბენეფიციარებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩემი აზრით, ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია იმის მანიშნებელი, რომ მათ ალბათ, უნდათ, რომ აღძრან საქმეები სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ. მე ამას ველოდები. ეს ჟანრის კლასიკაა, ავტორიტარიზმი ასე მიდის – აღარავის ტოვებს. ველოდები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე იქნება, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება მზად არის, ახლა კი არა, უკვე დიდი ხანია. ყველას გათავისებული აქვს ეს რა ბრძოლაა. ეს არის ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა და ამ ბრძოლაში მსხვერპლი სამწუხაროდ, საჭირო აღმოჩნდა და უკვე დაკავებულია არაერთი ადამიანი, რასაც შეიძლება სამოქალაქო ლიდერების დაკავებაც მოჰყვეს“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
დოლიძემ ასევე ისაუბრა, კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება და გადაღების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ამის მიზანია ის, რომ იმ პროცესების მიმართ, რაც სასამართლოში ხდება, „საზოგადოების დამოკიდებულება არ გახდეს მხარდამჭერი“.
„ახლა, როდესაც ისინი ხედავენ, რომ სასამართლო შუქდება და უსამართლო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ძალიან დიდ ჯგუფს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება… ძალიან რთულია იმის ყურება, როგორ უშვებენ ახალგაზრდა ადამიანებს ციხეში, იგივე მათე დევიძესთან დაკავშირებით. საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი, რაც სასამართლოში ხდება, რომ არ გახდეს მხარდამჭერი იმავე, იმ მოქალაქეების, რომლებსაც უკანონოდ იჭერენ. ცდილობენ, რომ ახლა ეს სივრცეც ამოქოლონ. ცდილობენ, რომ ის, რაც ხდება სასამართლოში, ეს აღარ მივიდეს საზოგადოებამდე. თუ პროსახელისუფლებო მედიას დავაკვირდებით, ისინი არ აშუქებენ იმას, რაც სასამართლოზე ხდება“, – აღნიშნა დოლიძემ.
დოლიძემ ასევე, შეაფასა სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის კანონში დაგეგმილ ცვლილებებიც და აღნიშნა, რომ ეს „პროტესტის მინელებისა და ჩახშობისკენ არის მიმართული“.
„ესეც მიმართულია იმისკენ, რომ ჩაიხშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; რომ აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი. პროტესტის მინელებისა და ჩახშობისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. ამდენი თვე „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ პროტესტი არ ნელდება და მოქალაქეები ბრძოლას აგრძელებენ. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ისინი ახალ კანონს იღებენ, საქართველოს მოქალაქეები სხვა გზას ეძებენ, რომ პროტესტი გამოხატონ. ამას ვუყურებთ რამდენიმე თვეა“, – აღნიშნა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – კარგად ვარ, სიახლეა ის, რომ გწერთ 308-ე საკნიდან – პატიმარი არის არა ის, ვინც ფიზიკურად დაატყვევეს, არამედ ის, ვინც გარეთ არის და ვერ იაზრებს თავისუფლების არსს – ჩვენი იარაღია: ერთობა და ბრძოლა ბოლომდე!