გელაძის სომხეთში ვიზიტისას ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს გამოცდილებაზეც ისაუბრეს

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს შს მინისტრს გელა გელაძეს სომხეთის შს მინისტრმა არფინე სარგსიანმა უმასპინძლა.
არმენპრესის ცნობით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შედგა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა։
„მინისტრმა სარგსიანმა მაღალი შეფასება მისცა ორ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა, რომ გელა გალაძის ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარტნიორობის გაღრმავებისკენ. არფინე სარგსიანმა სტუმარს გააცნო პოლიციაში, გადაუდებელი სიტუაციების სამსახურსა და მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში მიმდინარე სისტემური რეფორმები, ასევე ის ნაბიჯები, რასაც სომხეთი დგამს ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს გამოცდილების მნიშვნელობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოცემის ცნობითვე, მინისტრმა სარგსიანმა ასევე ისაუბრა დანაშაულის, მათ შორის უკანონო ნარკობრუნვის მიმართულებებით სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე.
“მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის მიმართულებების დასაზუსტებლად ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმებს და გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები უწყებებს შორის ოპერატიული კავშირის დასამყარებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტრანსნაციონალური დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან წინააღმდეგობას”.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, არფინე სარგსიანი თბილისში მოიწვია.