გიგი წერეთელი ბიჭვინთის საკითხზე – რუსეთთან დათმობის პოლიტიკა ნიშნავს მეტ ანექსიას და დიდ საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემას ეხმაურება.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლება გაუგებარ და მიუღებელ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ასეთ შედეგებამდე მივყავართ.
„პუტინისთვის ბიჭვინთის, ანუ საქართველოს ტერიტორიების გადაცემის საკითხი უკვე წელიწადზე მეტია აქტიური განხილვის და მძაფრი დისკუსიების საგანია თავად აფხაზეთში, თუმცა ხელისუფლების მხრიდან საშინაო თუ საგარეო მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობა არ გვინახავს, სადაც პრინციპულად და მკაცრად იქნებოდა გამოხატული პოზიცია. ჩემი აზრით, ეს საკითხი არაერთხელ უნდა დამდგარიყო საერთაშორისო არენაზე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ს ანექსიური პოლიტიკის მკაფიო და ნეგატიური მაგალითი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი არალეგიტიმურია და არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაინც ძალიან ნეგატიური პრეცედენტია. იმედია, აუცილებლად ოკუპანტებიც და მისი მხარდამჭერებიც ამგვარ დანაშაულზე სათანადო პასუხს აგებენ.
რეალობა ასეთია, რომ რუსეთთან განგრძობითი დათმობის პოლიტიკას მოაქვს მხოლოდ მეტი ანექსია, მეტი დისკრიმინაცია იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის და მეტი საფრთხე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის”,- განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ