მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს, ისრაელიდან ირანის მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან.
24 ივნისს, დაახლოებით დილის ხუთიდან შვიდ საათამდე ისრაელის არმიამ ირანიდან ექვსი სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა. საჰაერო განგაშის დროს მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისრაელის ჩრდილოეთში მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დილიდან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა იგერიებდა იერუსალიმისა და ხაიფისკენ გაშვებულ ირანულ რაკეტებს.
განახლება: გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, მაშველებმა ბეერ-შევაში სახლის ნანგრევებში იპოვეს ერთი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
23 ივნისს, დღის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებულია.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელებში ჯერ დაწერა, რომ ცეცხლის, ან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტს არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ირანი საპასუხო ქმედებებს აღარ გააგრძელებს, გამთენიისას კი გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომ „აგრესიისთვის ისრაელის დასასჯელად“ ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე, დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა”.
ისრაელს ტრამპის განცხადების შემდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.
· 13 ივნისს ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
· ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
ფორუმი
