უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის რეაბილიტაცია და იქ არანაირი კვების ობიექტი არ განთავსდება | ქუთაისის მერია “სავანეზე”

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ბულვარში კაფე-ბარ “სავანეს” დანგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის სრული რეაბილიტაცია და იქ არანაირი კვების ობიექტი არ განთავსდება.
“ქუთაისის ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ის ქალაქის საკუთრებაა! წლების განმავლობაში ხდებოდა ბულვარში არსებული ფართის უკანონოდ მითვისება. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის სრული რეაბილიტაცია და დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ იქ არანაირი კვების ობიექტი არ განთავსდება! ბულვარში მხოლოდ მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
“სავანეს” დემონტაჟი ორი დღის წინ განხორციელდა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული და იყო დაპირისპირებაც.
“სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ, რომ კერძო საკუთრების ნგრევა კანონდარღვევით განხორციელდა და იმ დროს, როდესაც საქმე სააპელაციო სასამართლოშია, აღსრულების პოლიციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იმოქმედა.
კაფე-ბარი “სავანე” მესაკუთრეებმა 1995 წელს, აუქციონზე, სახელმწიფო ქონების სააგენტოდან 10 000 დოლარად შეიძინეს. 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი ობიექტი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა.