ოპოზიციონერ პოლიტიკოსს , „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
მას მისივე თანაპარტიელ მამუკა ხაზარაძის და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერ ზურა ჯაფარიძის მსგავსად, ასევე შეეზღუდა 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ზვიად შარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.
ბადრი ჯაფარიძე და მისი პარტიის წევრები საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებისას დარბაზში არ ყოფილან. მათ სასამართლო პროცესის პარალელურად პარტიის ოფისში გამართეს ბრიფინგი.
„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა. ხელი ჩავიქნიოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ბრძოლისთვის – ეს არ მოხდება.
ეს არ არის საგამოძიებო კომისია, ეს არის ერთპარტიული სადამსჯელო მანქანა, რომელიც უსწორდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის, რომ სადამსჯელო მანქანა გამოიყენოს ჩვენს გასაჩუმებლად, ჩვენს გასატეხად, ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, არასდროს ვუღალატებთ თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებს. ასე იყო მთელი ჩემი ცხოვრება და ასე გაგრძელდება მუდამ“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი განაჩენის გამოცხადებამდე ორი საათით ადრე მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილება. მამუკა ხაზარაძესაც ანალოგიური ბრალდებით 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ზვიად შარაძემ.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.
მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან არ გადაიხადა გირაო.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანია.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: მისი თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ასევე სხვები. ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის მსგავსად, ამ საქმეზე დაპატიმრებულია ირაკლი ოქრუაშვილიც – მათ გირაო არ გადაიხადეს. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გირაო გადაიხადეს.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.
