“ნინო დათაშვილი 21-22 წლის ასაკში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით მოხალისე მასწავლებლად წავიდა”

რა გავაკეთოთ, ხალხო, ნინოს როგორ დავეხმაროთ? არ ვიცი, ამის ატანა როგორ შეიძლება, – წერს სოციალურ ქსელში  “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია და თამუნა კეკელიძის პოსტს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ნინო დათაშვილი იმ პროგრამის მონაწილე იყო, რომელშიც წლების განმავლობაში ვიმუშავე. ეს ადამიანი, 21-22 წლის ასაკში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით მოხალისე მასწავლებლად წავიდა. აქ არ მოვყვები რა სირთულეების გადალახვა უწევდათ ჯერ კიდევ პატარა გოგო-ბიჭებს ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით. არც იმას მოვყვები, როგორი დამოკიდებულება იყო იმ რეგიონებში ქართული ენის სწავლისადმი, როგორი ეჭვის თვალით უყურებდნენ მოხალისეებს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უდიდესი შინაგანი სიმტკიცე და საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების სურვილი იყო იმ პატარა გოგო-ბიჭების თანამგზავრი ამ თავგადასავალში. იმ ასეულობით მოხალისე მასწავლებლის და კონსულტანტ-მასწავლებლების (მათი კონტრიბუცია ამ საქმეში ცალკე აღნიშვნის ღირსია) შრომის და ძალისხმევის შედეგია ადგილობრივ თემში ქართული ენის სწავლისადმი დამოკიდებულების ასეთი პოზიტიური ცვლილება. ეს მასწავლებლები იყვნენ ჩვენი ელჩები ადგილობრივ თემში და სწორედ მათი დამსახურებაა დღეს, აუდიტორიაში შესულს, ამდენი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ქართულად გამართულად მოსაუბრე სტუდენტი რომ მხვდება.
წუხელ წავიკითხე, რომ სასამართლოზე ნინომ ითხოვა მისთვის აბიტურიენტი შვილის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა მიეცათ, რაც სამწუხაროდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ იმაზე მეფიქრება, რას განიცდის ნინო ციხეში ან მისი შვილი, მისთვის მნიშვნელოვან პერიოდში დედის გარეშე დარჩენილი. არ ვიცი, როდის გავხდით ასეთი სასტიკები, რომ ამაზე რეაქცია არ აქვს ადამიანების ნაწილს. თუმცა, გასაოცარი მონდომებით აფრიალებს ნინოს და სასამართლოს მანდატურების ინციდენტის ამსახველ კადრებს, არც მის ლანძღვას ერიდება, თურმე ნუ იტყვი და ქცევას უწუნებენ. ნეტა თავად როგორ რეაგირებენ უსამართლობაზე? ნეტა მათი ქცევა თუა ადეკვატური კონფლიქტურ სიტუაციაში? ან იმაზე მაინც თუ დაფიქრებულან, შერჩათ თუ არა ადამიანებს ძალა ამდენი ადამიანის ჩაგვრას, ამდენი ადამიანისთვის არაპროპორციული სასჯელის შეფარდებას მშვიდი ნერვებით უყურონ? არ ვიცი, ფიქრობენ კი ეს ადამიანები ამდენს? მხოლოდ ის ვიცი რომ ემპათიას არ შეიძლება ქონდეს დრო, კონტექსტი, მხარე.
იმავე ადამიანებს რეაქცია რომ არ აქვთ მართლაც აქტუალურ პრობლემებზე ეს რაზე მეტყველებს ამაზე დროს არ დავკარგავ. მაშინ როდესაც 3 მილიონიანი მოსახლეობიდან 700 000-მდე ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს, მაშინ როდესაც მიგრაცია წლიდან წლამდე კატასტროფულად მატულობს, მაშინ როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობა და ერი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და შვილის გაჩენის ერთადერთი მამოტივირებელი მესამე და მომდევნო შვილის გაჩენის შემთხვევაში პატრიარქის მიერ მისი მონათვლაა და არც საპატრიაქრო და არც სხვა უწყება არ ადვოკატირებს (შემახსენეთ თუ ვცდები) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბენეფიტების პაკეტის ინიცირებას (მაგალითად, შეღავათიან საგადასახდო ტარიფს) და ამის პარალელურად თურმე ჩინოვნიკების ერთი სატელეფონო კონსულტაცია ასეულობით ათასი ლარით არის განფასებული, საერთოდ რომელ სამართლიანობაზე და თანასწორობაზე ვსაუბრობთ. ჰოდა, თქვენ იყავით ამ ფარსის მონაწილეები და თუ მოგწონთ ბრიყვად რომ გთვლიან, თქვენი ნებაა, მათ კი ვისაც ამაზე პროტესტი უჩნდება და ჰოი საოცრებავ და ხანდახან ნერვებიც არ ყოფნით, პედესტალიდან ნუ მოძღვრავთ თუ ღმერთი გწამთ!

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე