სასამართლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი ორშაბათს, 23 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.