„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტის, მასწავლებელ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშანია.
„სასამართლო სხდომაზე პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე“, – წერს საია და განმარტავს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით.
საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში.
„ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს“.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მიაჩნია, რომ მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა, ჯარიმასაც ითვალისწინებს. და რომ ბრალდებულს ჰყავს შვილი და აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები.
„სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იმსჯელოს ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა. თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა – თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა – ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა“.
საიას შეფასებით, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად.
21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ თავდასხმა.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ადგილზევე, სათათბიროდ გასვლის გარეშე მიიღო.
