აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას უახლოვდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერმინისტრი ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. ეს აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრაა ბოლო ომის და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კაპიტულაციის შემდეგ. აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მედიასთან თქვეს, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევას უახლოვდება, რაც დაასრულებს მათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელებულ კონფლიქტს.
სანკტ-პეტერბურგში შეხვედრისას მხარეებმა მოკლევადიანი სამშვიდობო შეთანხმებების შვიდი პოტენციური ვარიანტი გაცვალეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელჩინ ამირბაიოვმა თქვა, რომ ისინი ახლა სომხეთის პასუხს ელოდებიან წარდგენილ სამშვიდობო შეთანხმების ვარიანტზე.
“მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მოლაპარაკებების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, სადაც ჩვენ აშკარად ძალიან შორს არ ვართ საბოლოო შეთანხმებიდან, ჩვენ შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი გვჭირდება. მე ვიცი რომ 30-წლიანი მოლაპარაკებების და არცერთი მნიშვნელოვანი შედეგის შემდეგ ორივე მხარეში ფრუსტრაცია და დაღლილობაა” – თქვა ელჩინ ამირბაიოვმა.
ამირბაიოვის თქმით, წარდგენილი დოკუმენტების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომ მხარეები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს უნდა სცემდნენ. ასევე, სომხეთმა უარი უნდა თქვას ყველა ტერიტორიულ პრეტენზიაზე და დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის მხარემ მოლაპარაკებებში ყურადღება გაამახვილა ნახიჩევანის ექსკლავთან დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზეც. აზერბაიჯანის წარმომადგენლის თქმით, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზა უმნიშვნელოვანესია, როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე იმ მიზნისთვის, რომ შეიქმნას აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ალტერნატიული გზა.
აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ძალის უპირატესობის დემონსტრირების შემდეგ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია 100 000-ზე მეტმა სომეხმა დატოვა და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 2023 წლის 13 დეკემბერს მხარეებმა ტყვეები გაცვალეს.