„გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და „დაჟინებით ითხოვს“ ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც პარტიის შეფასებით, „არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა“, თუ საგამოძიებო კომისია „რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.
როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. „ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.
გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.