კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან | დაზიანებულია 300-მდე კერძო და მაღალსართულიანი კორპუსის სახურავი

კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან | დაზიანებულია 300-მდე კერძო და მაღალსართულიანი კორპუსის სახურავი
სტიქიის შედეგებს ებრძვიან კახეთში. ძლიერმა ქარიშხალმა რეგიონში 300-მდე კერძო და მაღალსართულიანი კორპუსის სახურავი დააზიანა. განსაკუთრებით რთულია ვითარება თელავში, გურჯაანსა და ახმეტაში. სოფელ ქისტაურში სტიქიამ კაცი იმსხვერპლა.
თელავში საცხოვრებელ სახლებთან ერთად სახურავი გადახდილი აქვს ერთ-ერთ საბავშვო ბაღსა და უნივერსიტეტის მესამე კორპუსს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზოგიერთი ბინა უხარისხოდ გადახურეს. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები და დააზიანა მაღალი ძაბვის სადენები, რის გამოც, ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი 50 ათასამდე აბონენტი, მათგან დიდ ნაწილს დენის მიწოდება გუშინვე აღუდგა.
“ძალიან ძლიერი იყო, მესამე კორპუსს გადახადა ჭერი, ხეც მოგლიჯა, ქარბორბალა იყო რომ იტყვიან და კარგა ხანი გაგრძელდა ეს სტიქია”, – ამბობს ადგილობრივი.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, სალიკვიდაციო და შენობების გადახურვის სამუშაოები ახალ წლამდე უნდა შესრულდეს.
ავტორი: ია გულიაშვილი.