EBRD, ევროკავშირი და პროკრედიტ ბანკი ქართული კომპანიების დაფინანსებას ზრდიან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი (EU) აძლიერებენ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) მხარდაჭერას პროკრედიტ ბანკის მეშვეობით. ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი და EBRD-ის გრძელვადიანი პარტნიორი ათ მილიონ დოლარს მიიღებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით.
დაფინანსება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზეა მიმართული, რათა მათ შეძლონ პროდუქციისა და სერვისების მოდერნიზება ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების გამოსაყენებლად. მოსალოდნელია, რომ სესხის სულ მცირე 70% მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება, შესაბამისად, მსესხებლებს შეეძლებათ გააუმჯობესონ გარემოს დაცვის პრაქტიკა და გაზარდონ რესურსების ეფექტიანობა, პროდუქციის ხარისხის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომების სრულყოფასთან ერთად.
მსესხებლებს, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ ინვესტიციებს, უფლება ექნებათ მიიღონ წამახალისებელი გრანტები სესხის 15 პროცენტამდე ოდენობით. გარდა ამისა, ისინი მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას განხორციელების პროცესში, ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
ეს ახალი დაფინანსება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ნაწილია და აგრძელებს პროკრედიტ ბანკის მიერ წინა წლებში იმავე საკრედიტო ხაზით დაახლოებით 23.4 მილიონი დოლარის მიღების პრაქტიკას.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფირმების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ეკონომიკურ ზრდას და ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის მიზნების მიღწევას.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი არის პროგრამა, რომელიც მოქმედებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ფოკუსირებულია კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობაზე მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროცესებში და საუკეთესო პრაქტიკის წახალისებაზე, რათა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (SMEs) შესაძლებლობა ჰქონდეთ გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა.
პროკრედიტ ბანკი საქართველო არის განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკების საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. ჯგუფს ფრანკფურტში დაფუძნებული ProCredit Holding ფლობს. პროკრედიტ ბანკის ფილიალები ხელს უწყობს გამჭვირვალე და ინკლუზიური ფინანსური სექტორების არსებობას. ბანკის ბიზნეს მოდელი პრიორიტეტს ანიჭებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ხოლო ბიზნეს სტრატეგია გულისხმობს მდგრადობის აქტიურ მხარდაჭერას.
პროკრედიტ ბანკი საქართველო უკვე 25 წელია ფუნქციონირებს. ბანკი განუხრელად იცავს ევროპულ საბანკო სტანდარტებს. კეთილსინდისიერი საბანკო პრაქტიკა და ბანკის მიერ უზრუნველყოფილი დაფინანსება საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს გაფართოვდნენ, დანერგონ სიახლეები და უზრუნველყონ დასაქმების შესაძლებლობები.
დღეისათვის EBRD-მა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში 289 პროექტში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა.