გიორგი შარაშიძე – რამდენჯერაც არ უნდა დაიბარონ გახარია კომისიაზე, იცოდნენ, რომ სიმართლის მოსმენა მოუწევთ, სიმართლე არის მწარე და უფრო მაშინ, როდესაც სიმართლე ჩვენს მხარესაა – მივა თუ არა, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს

ნამდვილად ვერ შეგვაშინებენ, მით უფრო ბატონ გახარიას და მით უფრო „ნაცების“ გასამართლების მიზნით შექმნილ ე.წ. კომისიაზე დაბარებით. [კომისიაზე მისვლის შესახებ გახარია] გადაწყვეტილებას თავად მიიღებს – რამდენჯერაც არ უნდა დაიბარონ, იცოდნენ მათ, რომ სიმართლის მოსმენა მოუწევთ, სიმართლე არის მწარე და უფრო მაშინ, როდესაც სიმართლე არის ჩვენ მხარეს!, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარების საკითხზე.
შარაშიძემ ისაუბრა ჩორჩანას საგუშაგოს შესახებაც, რასთან დაკავშირებითაც კომისიამ უკვე მეორედ დაიბარა გიორგი გახარია გამოკითხვაზე. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, სინამდვილეში, ვინ არის მოღალატე.
„რამდენიც არ უნდა ეცადონ და რა კომისიებიც არ უნდა შექმნან, ისინი ვერ შეძლებენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პრინციპული პოლიტიკოსის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრის გასამართლების მცდელობას იმისთვის, რომ მან, ერთადერთი, რაც გააკეთა, შეინარჩუნა საქართველოს ტერიტორიები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. ეს არის ფაქტი, მოცემულობა და ამას ვერავინ უარყოფს. ვინმემ გამოიძია ის დაკარგული ტერიტორიები, რაც მათ შორის „ოცნების“ უმოქმედობის შედეგად გვაქვს ბოლო წლებში? და ფაქტობრივად, ყოველ წლიურად ვკარგავთ ტერიტორიებს და ისე, რომ იქ არანაირი საგუშაგოები არ ყოფილა. ასე რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ერთი მხრივ, პოლიტიკური შურისძიება ბატონი გახარიას მიმართ, მაგრამ ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის არის, რომ ამ პოლიტიკური შურისძიების მიზნით, ისინი მზად არიან უღალატონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძე.
მისი თქმით, კომისია პროპაგანდისტული მიზნებისთვის არის შექმნილი.
„ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ სიმართლის მოსმენა და სიმართლე არის მწარე. რამდენჯერაც არ უნდა დაიბარონ ბატონი გახარია, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, რვაჯერ, ოცდახუთჯერ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ვერ შეგვაშინებენ, მაინც ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე, სწორედაც რომ მშვიდობიანი ფორმით დავამარცხოთ „ოცნება“ და გადავიყვანოთ ოპოზიციაში. ასე რომ ამ გადაწყვეტილებას, ბატონი გახარია, ისევე,როგორც პირველ შემთხვევაში, თავად ინდივიდუალურად მიიღებს.
კომისია რომ პროპაგანდისტული მიზნებით არის შექმნილი, ამაზე ჩვენ აქამდეც გვისაუბრია. საერთოდ რაზეა საუბარი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილი კომისია გახარიას რომ იბარებს და „გაქოცებული“ „ნაცები“ და „ყოფილი „ნაცები“ რომ სვამენ კითხვას, ამაზე მეტი აბსურდი და ღიმილის მომგვრელი, რა უნდა იყოს?! რაც შეეხება დანარჩენი ოპოზიციონერების დაბარებას, ადრეც ვთქვით,რომ მათი გადასაწყვეტია [მისვლა კომისიაზე]. ჩვენ დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ საერთო მიზანი გვაქვს და ეს არის „ოცნების“, ამ მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დამარცხება. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ ტაქტიკა ყველას განსხვავებული გვაქვს, ვიღაცა მივიდა, ვიღაცა არ მივიდა. ჩვენ ვთვლით,რომ ბატონი გახარიას მისვლა იყო სწორი ნაბიჯი, იმიტომ, რომ სიმართლე უნდა გაიგოს ხალხმა და არ შეიძლება, რომ ჩვენი მოქალაქეები მარტო დავტოვოთ „ოცნების“ პირისპირ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც