ხლახან FDA-მ Gilead Sciences-ის აივ ინფექციის საპრევენციო ინექცია დაამტკიცა, რომელიც წელიწადში ორჯერ კეთდება — ამ ამბავს კი კომპანია სქესობრივი გზით გადამდები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რევოლუციურ ნაბიჯად მიიჩნევს. მართალია, აივ ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის მედიკამენტები ათწლეულზე მეტია არსებობს, მაგრამ აბების ყოველდღიურად მიღებაა საჭირო, თანაც ჯერჯერობით ამ მეთოდით მნიშვნელოვანი შედეგები არ გვინახავს.
„ეს ისტორიული დღეა ათწლეულების ბრძოლაში აივ ინფექციის წინააღმდეგ“, — აცხადებს Gilead-ის თავმჯდომარე დანიელ ო’დეი.
ლენაკაპავირი ბაზარზე Yeztugo-ს სახელით გვხვდება და აივ ინფექციის გადაცემის რისკს 99.9%-ით მეტით ამცირებს მოზრდილებსა და მოზარდებში, რაც მას ფუნქციურად ძლიერ ვაქცინად აქცევს.
ამისთვის კომპანიამ ორი კლინიკური ცდა ჩაატარა: პირველი 2000 აფრიკელ ქალს მოიცავდა, რომლებმაც ინფექციების გადატანის 100-პროცენტიანი შემცირება აჩვენეს და ასე Truvada-ს ყოველდღიურ აბებთან შედარებით, საკუთარ უპირატესობაშიც დაგვარწმუნეს. მეორე ცდაში კი 2000 კაცი და გენდერულად მრავალფეროვანი ჯგუფის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მხოლოდ 2 ინფექცია დაფიქსირდა პრევენციის 99.9%-იანი მაჩვენებლით, რითაც კვლავ სჯობნის Truvada-ს შედეგებს. ხოლო გვერდითი მოვლენები ინექციის ადგილას რეაქციებს, თავის ტკივილსა და გულისრევას მოიცავდა.
„ლენაკაპავირი იქნება ხელსაწყო, რომელიც ინფექციების კონტროლისთვის გვჭირდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომი ფასი ექნება“, — აცხადებენ ექსპერტები.
მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, ოპტიმიზმის საფუძველს წამლის მოსალოდნელი მაღალი ღირებულება არ გვაძლევს. აივ ინფექციის პრევენციის ადრეული ხანგრძლივი მოქმედების ვაქცინა კაბოტეგრავირი, რომელიც 2 თვეში ერთხელ კეთდება და FDA-მ 2021 წელს დაამტკიცა, ათიათასობით დოლარი უჯდებათ წელიწადში. ამიტომაც ვერ მოახდინა ჯერ მნიშვნელოვანი გლობალური გავლენა. Gilead-ზე კი ფიქრობენ, რომ მისი ფასი წლიურ 25 000 დოლარს მიაღწევს. ხოლო ლენაკაპავირის ფასი წელიწადში 39 000 დოლარია.
„მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებიც კი ვერ შეძლებენ ლენაკაპავირის მასობრივად გამოყენებას წელიწადში 20 000-ზე მეტი ფასით“, — ამბობს ენდრიუ ჰილი, ლივერპულის უნივერსიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში Gilead-მა 6 ფარმაცევტულ კომპანიასთან მოაწერა ხელი, რათა პრეპარატის ჯენერიკული ვერსიები 120 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში ეწარმოებინათ. თუმცა, რადგან ამ პროცესს დრო დასჭირდება, კომპანიამ ცალკეული მოლაპარაკებები აწარმოა Global Fund-ს, PEPFAR-სა და სხვა ორგანიზაციებს შორის, რათა 2 მილიონი ადამიანისთვის საჭირო დოზები შეიძინოს…
marketer.ge
