ისრაელ-ირანის კონფლიქტის პირობებში და ამ ვითარების მიუხედავად, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს სჯერა, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გამოც საქართველო-ისრაელის ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური შემცირდება. ამის შესახებ იციკ მოშემ „საქმიან დილაში“ ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებზე კონფლიქტის გავლენის შეფასებისას განაცხადა, თუმცა, აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერიოდში, არსებული ვითარება, პირველ რიგში, ტურიზმზე იქონიებს გავლენას.
იციკ მოშე აცხადებს, რომ ისრაელელებს ომის გამო შიში არ აქვთ და პრობლემებს ისე უყურებენ, როგორც იმას, თუ რამდენად ბევრია ამა თუ იმ მიმართულებით სამუშაო. ის იმედოვნებს, რომ ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ისრაელთან თანამშრომლობის გააქტიურებით დაინტერესდებიან და მასთან ერთად ესტუმრებიან ისრაელს.
„ასეთი ომის დროს სხვა სფეროებზე აქცენტს ვერ ვაკეთებთ და ამისთვის ემოციურადაც არ ვართ განწყობილი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შიში არ გვაქვს. პრობლემის არსებობისას ჩვენ მის ზომას კი არ უნდა შევხედოთ და დეპრესიაში ჩავვარდეთ, პირიქით, ეს არის იმის პარამეტრი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რამდენი უნდა ვიმუშაოთ, თუ უფრო დიდი პრობლემა იქნება, უფრო მეტს ვიმუშავებთ ტურიზმზე, ინვესტიციებზე და რა თქმა უნდა, როდესაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება, მე დაველოდები, რომ საქართველოდან ეკონომიკის ბლოკის მინისტრები ჩემთან წამოვლენ ისრაელში და ომის შემდეგ დაელაპარაკებიან ისრაელელ ინვესტორებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი. მჯერა, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გამოც საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ან ეკონომიკური ურთიერთობები შემცირდება“, – განმარტა იციკ მოშემ.
კითხვაზე – ჩვეულებრივ, მშვიდობიან პერიოდში რომელი სფეროებით ინტერესდებიან ისრაელელები საქართველოში, იციკ მოშე პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში დაინტერესება თავად საქართველოდან უნდა მოდიოდეს. მისი თქმით, ისრაელის რესურსები საქართველოს ყველა სფეროს ეყოფა.
“კითხვაზე რომელ სექტორში შეიძლება ისრაელიდან საქართველოში ჩაიდოს ინვესტიციები, პასუხია – ყველა სფეროში. ისრაელის თანამშრომლობა საქართველოს ეყოფა ყველა სფეროში – დაწყებული კულტურიდან დასრულებული ტექნოლოგიებამდე. ამიტომ საქართველომ უნდა გამოიჩინოს ჩვენთან ერთად ინიციატივა, რომ ჩამოვიდნენ. შეიძლება ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალურ ინვესტიციებში ისრაელი წამყვანი არ არის, მაგრამ პირად ინვესტიციებში წამყვანია და ისრაელელებმა 10 000-ზე მეტი ბინა უკვე იყიდეს [საქართველოში]. ისრაელიდან კონტრიბუცია 2 მლრდ დოლარია. ამ მიმართულებით არის ინტერესი, რომ აქ ძალიან მარტივია ყიდვა, დარეგისტრირება, საქართველოში ბევრი ტურისტია და ამის გაქირავებაც მარტივია. საქართველო ტურიზმში მზარდი ქვეყანაა, ისრაელიდან ყოველწლიურად 30%-იანი ზრდაა. ამიტომ ახლა რაც დაგვრჩა ისაა, რომ ომში თუ ომის შემდეგ მუშაობაა საჭირო“, – აღნიშნა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა.
