„ოჯახს რამდენი წევრიც ჰყავს, მინიმუმ იმდენი დასაწოლი საშუალება ხომ უნდა იყოს?! ავტომობილებიც ოჯახის წევრები არიან და ისინი თუ არ განვათავსეთ, მუდმივად იქნება ქაოსი, რაც დღეს უკვე გვაქვს“,- ასე აფასებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ თბილისში საპარკინგე სივრცეების პრობლემას.
მისი თქმით, დღეს რამდენი ავტომობილიც არის დედაქალაქში რეგისტრირებული, მინიმუმ იმდენი საპარკინგე ადგილია საჭირო.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ოფიციალური მონაცემებით, 2021-2025 წლებში დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე 8 293 საპარკინგე ადგილი დაემატა და ჯამში 12 980 ერთეული შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოს, თბილისში 774 868 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, გამოდის, ერთ საპარკინგე ადგილზე ქალაქში 60-მდე ავტომობილი მოდის.
მევლუდ მელაძე ამბობს, რომ სწორედ საპარკინგე სივრცეების არარსებობაა საცობების ერთ-ერთი მიზეზიც, რაც საბოლოოდ დედაქალაქში გადადგილებას სულ უფრო შეუძლებელს ხდის.
„როდესაც 1 საპარკინგე ადგილზე 60 ავტომობილი მოდის, როგორ შეიძლება მათი განთავსება?! ფიზიკურად შეუძლებელია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც არა მხოლოდ გაჩერების პრობლემას ქმნის, არამედ საცობს, დისკომფორტს და ა.შ. საბოლოო ჯამში, მაინც იქ მივდივართ, რომ ისევ ხელოვნური ჩარევით, იძულებით ცდილობენ აღარ დასხდნენ ადამიანები მანქანებზე, მაგრამ ახლა მოვიყვან ერთ მაგალითს. ერთი კვირის წინ ვიყავი იაპონიაში, ტოკიოში და ვაკვირდებოდი დეტალურად როგორ არის მოწყობილი იქაური სატრანსპორტო სისტემა. იმიტომ, რომ ტოკიო არის მგონი ერთადერთი ქალაქი (რაც ცნობილია), სადაც ავტომობილების რაოდენობა ბოლო წლებში არ იმატებს. ამის მიზეზია ის, რომ მათ სატრანსპორტო პოლიტიკა განავითარეს და პირველ რიგში, მეტრო. რამდენიმე ათეული ხაზია, სადაც არ უნდა გაიხედო, ნებისმიერ 100 მეტრში არის მეტრო და საპარკინგე სივრცეს არ ამატებენ. იმის გამო, რომ არ მოხდეს ავტომობილებით და სხვადასხვა ტრანსპორტით ჩახერგვები, ეშელონებად არის გზები, არა თუ დავიწროებული. იქ ნებისმიერ რამე აქვთ ნაფიქრი და ზედმიწევნით კარგად არის მოწყობილი ყველაფერი იმისთვის, რომ ავტომობილი არ გჭირდებოდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზრდა არ არის, მაგრამ მანქანების რაოდენობას ვერ ამცირებენ. იმიტომ, რომ კერძო ავტომობილის გარეშე შეუძლებელია რამე ეკონომიკურად წინ გაწიო.
გარდა ამისა, ზოგადად ასეა, ადამიანები დასაქმებულები არიან ძირითადად ერთ სამსახურში და ბევრი მოძრაობა არ უწევთ. ამ დროს რა ხდება თბილისის რეალობაში, ერთ სამსახურში დადიოდე, ხელფასს იღებდე და ამით ცხოვრობდე, ძალიან რთულია. ამიტომ ადამიანების დიდ ნაწილს რამდენიმე სამსახური აქვს ან დამატებითით სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული, რომ ოჯახი არჩინოს. ანუ, გინდა თუ არ გინდა, კერძო ტრანსპორტი მაინც იქნება პრიორიტეტული, როგორც არ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო პოლიტიკა. ტოკიოს მსგავსადაც რომ განვავითაროთ და გზები რამდენიმე სართულად გადიოდეს, ჩვენთან ავტომობილი მაინც იქნება საჭირო მანამ, სანამ ეკონომიკურად არ გადაერთვება ქვეყანა“,- ამბობს მევლუდ მელაძე.
კითხვაზე, რა არის გამოსავალი, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ რამდენიმე დონიანი საპარკინგე სივრცეების აშენებაში, რომლის პრეცედენტიც თავად თბილისის მერიამ უნდა შექმნას.
„მე ისევ ვფიქრობ, რომ თბილისში, კორპუსების აშენების ნაცვლად, მუნიციპალიტეტმა თვითონ უნდა შექმნას პრეცედენტი და ითავოს, რომ სართულებიანი საპარკინგე სივრცეები აშენოს. დღეს როგორც არ უნდა აკრძალო, ეს ხალხი ამ მანქანებს ვერ გადაყრის და პოლიცია ყველას ვერ დაუწყებს დევნას. სხვათა შორის, ეს პოლიციელებიც საზოგადოების ნაწილი არიან და მათაც ისევე სჭირდებათ ავტომობილის პარკირება, როგორც სხვა ჩვენ ყველას. ამ რეალობის შეცვლა შეუძლია მხოლოდ უფრო ძლიერ ხელს. სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს სიჯიუტე უფროა. როცა რაღაც არ ამართლებს, სხვა გზით უნდა სცადო. ამ კონკრეტულ შემთხვევაც ფაქტია, რომ არ ამართლებს და სხვა გზების მოძიება არ იყო სათაკილო. ახლა მაინც იგივე გზით მივდივართ, სულ უფრო ვიწროვდება გზები, სულ უფრო ნაკლები საპარკინგე სივრცეა, სამაგიეროდ, მაღალსართულიანი კორპუსების რაოდენობა იზრდება. ავტომობილის საერთოდ გამოყენებაც რომ ავკრძალოთ, სადღაც ხომ უნდა გავაჩეროთ?! ხომ არ გადავყრით.
ასე ვიტყოდი, ოჯახს რამდენი წევრიც ჰყავს, მინიმუმ, იმდენი დასაწოლი საშუალება ხომ უნდა იყოს?! ავტომობილებიც ოჯახის წვერები არიან და ისინი თუ არ განვათავსეთ, მუდმივად იქნება ქაოსი, რაც დღეს უკვე გვაქვს.
პატარა უბნებში აბსოლუტური კატასტროფა ხდება, სერიოზული პრობლემა გვაქვს. უკვე შევდივართ ისეთ ჩიხში, საიდანაც დასაბრუნებელი უბრალოდ აღარ იქნება. მაგალითად, ჩემს ირგვლივ, არაერთი ადამიანისთვის ქვეყნის დატოვების მიზეზიც კი გახდა ის, რომ გადაადგილება და საქმეს გაკეთება იყო შეუძლებელი. დღეს თანამედროვე სამყაროში თუ სადმე რამე შენდება, ყველგან მოთხოვნა არის, რომ საპარკინგე სივრცე იყოს საჭიროზე მეტი (ღონისძიებების შემთხვევაში, მეტი რომ დაეტიოს). ჩვენთან პირიქით, ვამჭიდროებთ და ვამჭიდროებთ ქალაქს. ამ დროს, მინიმუმ იმდენივე საპარკინგე სივრცე გვჭირდება, რამდენი ავტომობილიც არის. ოჯახში თუ ვინმეს საწოლი არ აქვს, ის პრობლემას აუცილებლად შექმნის“,- ამბობს მევლუდ მელაძე.
