პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს — პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს ორი მოქალაქე, რომლებმაც პოლიციელს ქრთამი შესთავაზეს. უწყების განცხადებით, შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მოხდა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად 2000 ლარს დაჰპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლის მიერ, პროკურატურისთვის ოპერატიულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაიწყო. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, 20 ივნისს, ორივე პირი უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის, 3000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.