გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ ან ვიდეო უნდა გადაიღოს, ან ადამიანი დააკავოს – ორივე ერთად არ შეუძლიათ – კიდევ ერთი უცნაური საქმის დეტალები

“უძინართა მზე” ხომ არ არის, დანარჩენი პოლიციელები ქვის ქვეშ იმალებოდნენ? – ასე მიმართა სასამართლო პროცესზე პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა თედო აბრამოვმა პროკურატურის მიერ მოწმედ მიყვანილ დეტექტივ- გამომძებელს, რომელმაც დაკავების მომენტში ოქმი შეადგინა.
აბრამოვის თქმით, მისი დაკავების დროს ადგილზე გაცილებით მეტი პოლიციელი იყო, ვიდრე ამას გამომძიებელი ამბობდა.
მივიხედე-მოვიხედე, 4-5-6 კაცი დავინახე ჩემს გარშემო, დაკავების მომენტში იძახით და “უძინართა მზე” ხომ არ არის? ის დანარჩენები ქვის ქვეშ იმალებოდნენ თუ სად იყვნენ? 15-მდე დავინახე მე პირადად. სად იმალებოდნენ ქვის ქვეშ?- უთხრა აბრამოვმა გამომძებელს.
რატომ არ არსებობს 22 წლის ბიჭის საქმეში ჩხრეკის ვიდეო? – ეს კითხვა დღეს გამომძიებელს თედო აბრამოვის ადვოკატებმა დაუსვეს. პოლციიელი ამტკიცებდა, რომ ერთდროულად ოქმის შედგენას და ვიდეოს გადარებას ვერ შეძლებდა.
“ვავსებდი ოქმს, ხელში მეჭირა სამუშაო “პაპკა” და ორ საქმეს ერთდროულად ვერ გავაკეთებდი, მესამე და მეოთხე ხელი არ მაქვს”, – თქვა მოწმემ.
რატომ არ განახორციელეს ვიდეო-გადაღება სხვა პოლიციელებმა, ამ კითხვაზე გამომძიებელს ასეთი პასუხი ჰქონდა:
“ვიდეოს გადაღება რომ დაეწყო მაგალითად პოლიციელ გიორგი თევდორაშვილს, აბრამოვი გაქცევას შეძლებდა, ამიტომ მე ვუთხარი თევდორაშვილს, რომ, აბრამოვისთვის მიექცია ყურადღება”, – განაცხადა გამომძიებელმა.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავა. ადვოკატის თქმით, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას მას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მან ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაკავების დროს „არაადამიანურად მოეპყრნენ” და „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მიმართეს.