თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ბაჩიაშვილის საქართველოში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს აქვს სურვილი ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან და მზად არის ყველა საჭირო ინფორმაცია გადასცეს გამოძიებას.
„თუკი ვთანხმდებით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, საქმის გამოძიება სავალდებულოა, თუკი არსებობს გარკვეული სტანდარტი, შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალური ინფორმაციაა მიწოდებული საგამოძიებო უწყებებისთვის. თავად გიორგი გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს და ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. ჩვენ ჩვენი ძალებით, დამოუკიდებლად, კანონმდებლობის ფარგლებში ვცდილობთ არ განადგურდეს მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება და ფაქტების გადამოწმების აუცილებლობა, რაზეც ბაჩიაშვილმა ისაუბრა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“ დააკავეს. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და თვითმფრინავში „ჩატენეს“.
