რატომ იკრძალება თბილისში დაგეგმილ Tech ღონისძიებაზე პოლიტიკაზე ლაპარაკი

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის სპიკერებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება ეკრძალებათ.
ორგანიზატორების განცხადებით, სპიკერებისთვის პოლიტიკური შინაარსის შემცველი განცხადებების გაკეთება ღონისძიების ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია.
Global Tech Weekend Tbilisi 2025 ერთ-ერთ მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაა, რომელიც 20-22 ივნისს თბილისში გაიმართება და მასში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპიკერები მიიღებენ. ღონისძიების გახსნამდე Global Tech Weekend Tbilisi-ის ორგანიზატორებმა მონაწილეებს წერილი გაუგზავნეს და შეატყობინეს, რომ აკრძალულია პოლიტიკური შინაარსის განხილვა ან პოპულარიზაცია სიტყვით გამოსვლის, პრეზენტაციისა და პანელური დისკუსიების დროს.
კერძოდ, ღონისძიების მონაწილეებს ეკრძალებათ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო პოლიტიკაზე მოსაზრებების გამოთქმა.
მას შემდეგ, რაც Georgian Tech Weekend Tbilisi 2025-ს წერილი საჯაროდ გავრცელდა, ღონისძიების საორგანიზაციო გუნდმა განმარტება გააკეთა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წერილმა არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე დატოვა.
„Georgian Tech Weekend Tbilisi 2025-ს საორგანიზაციო გუნდის სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ წერილს, რომელიც ღონისძიების პოლიტიკას ეხება. წერილმა დატოვა არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე და შესაბამისად აღქმული იქნა, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
გვინდა განვმარტოთ, რომ რადგანაც GTWT არის საერთაშორისო ღონისძიება, ამ და სხვა პოლიტიკის შესახებ სპიკერების ინფორმირება ღონისძიების ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. ვწუხვართ შექმნილი გაუგებრობის გამო და ყველას გელოდებით ფორუმზე“, – ნათქვამია საორგანიზაციო გუნდის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.