რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, სიცრუეა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა გულისხმობს არა მხოლოდ შენობების, არამედ მიწის გადაცემასაც. მისი მტკიცებით, დაჩები პუცუნდაში გამოიყენებოდა ექსკლუზიურად რუსეთის მიერ.
“რუსეთში არავის გამოუთქვამს პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, ან აფხაზეთის ნაწილის მოწყვეტაზე. თავიდანვე ეს იყო ოპორტუნისტული, აბსოლუტურად ცრუ, მაგრამ შემაშფოთებელი ბრალდებები უბრალო ადამიანებისთვის”, – თქვა მან.
დუმის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ბრალდებები აფხაზეთში მიმდინარე “შიდაპოლიტიკურ ბრძოლას” უკავშირდება.
“ბრალდებები, რომლებიც პირდაპირ არ იყო დაკავშირებული რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებთან, მაგრამ უკავშირდებოდა იმ გაუთავებელ შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში, და მივყავართ იქამდე, რომ ერთი ან მეორე პრეზიდენტი, ბრბოს გავლენით იძულებულია ვადამდე დატოვოს თანამდებობა. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ვიღაცისთვის პრინციპული გახდა, რატიფიკაციის პროცესი შენელდა, გადაწყვიტეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, როგორც მივხვდი, შეთანხმებას მიაღწიეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ რუსეთის პრეტენზიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ცნობილი ფაქტის გადამოწმებაზე, რომ პიცუნდაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის შენობები და ნაგებობები, პირველ რიგში, აშენდა საბჭოთა კავშირის დროს. კავშირის ბიუჯეტის ხარჯზე, მეორე, ექსკლუზიურად რუსეთი იყენებდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ყველაფერმა საბოლოოდ მოიპოვოს თავისი სამართლებრივი განსახიერება აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში”, – ამბობს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი.
მისი თქმით, აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაკავშირებულია ოპოზიციის სურვილთან, კომპრომისზე წავიდეს “ხელისუფლება” და დაადანაშაულოს იგი ანტიეროვნულ ქმედებებში.
“ეს განპირობებულია მხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარებით და იმ ადამიანების სურვილით, ვინც ხელისუფლებაში არ არის, რაიმე საბაბი გამოიყენონ ამ ხელისუფლების კომპრომისზე, დაადანაშაულონ ის ანტიეროვნულ ქმედებებში, აფხაზეთის გაყიდვაში და ა.შ. სირცხვილია, რომ აფხაზეთის გარკვეული ოპოზიცია იყენებს ამ კონკრეტულ შემთხვევას ხელისუფლებასთან ანგარიშების მოსაგვარებლად. მათ აქვთ საკმარისად საკუთარი შინაგანი პრობლემები, რაც შეიძლება შიდა განხილვის საგანი გახდეს. და ეს ინციდენტი არ არის შიდა დისკუსიების მიზეზი, მაგრამ ქმნის გარკვეულ ატმოსფეროს. აფხაზეთს ნამდვილად სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა”, – ამტკიცებს ის.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების “რატიფიცირება” მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.
სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი 1958-1961 წლებში აშენდა ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით. “ეხო კავკაზა” წერს, რომ 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
რუსულ მხარეს ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტთან მიმდებარე ზღვის ფართობი – 49-წლიანი იჯარით. ყოველ ნაკვეთზე რუსეთი წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. აშენებული შენობების საკუთრება რუსეთის მხარეს იქნება. რუსეთს შეეძლება ობიექტის გამოყენება ღონისძიებების ჩასატარებლად, ასევე რეკრეაციული მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.