მამუკა ხაზარაძის მოწოდება ერთიან სიასა და ერთიან კანდიდატებზე თავიდან ბოლომდე მიუღებელი და ფარსია, რადგან არ არსებობს კომბინაცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუგებ არჩევნებს მანამ, სანამ ისინი ძალაუფლებაში არიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს, თუმცა ისინი აკონტროლებენ ცესკოს, ძალოვან უწყებებს და აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, შესაბამისად, პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ აქტიური ბოიკოტის მომხრეა.
„არ არსებობს კომბინაცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუგებ არჩევნებს, მანამ, სანამ ისინი ძალაუფლებაში არიან. ამას აზრი არ აქვს, ჩვენ ვართ აქტიური ბოიკოტის მომხრე. ყველა კვლევის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ 30%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს. მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, ცესკო და ძალოვანი ინსტიტუტები. სულ რომ 20% ჰქონდეთ მხარდაჭერა, მაინც აზრი არ აქვს, რადგან გადააკეთებენ შედეგს, როგორც ეს გააკეთეს 2024 წელს და ყველა ბერკეტი გამოიყენეს. უცხოური წნეხი, რომელიც მომდინარეობს აშშ და ევროპიდან შემცირდება თუ ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ ივანიშვილს ვესაუბრებით და მისი დაგეგმილი წესებით ვთამაშობთ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ნარმანიას შეფასებით, კომისია „ქართული ოცნების“ სადამსჯელო ინსტრუმენტია, რომელმაც ის ოპოზიციის დასასუსტებლად იყენებს. მისივე შეფასებით, კომისიის მიზანია 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთი გაამართლონ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ არის ე.წ. საგამოძიებო კომისია, სადაც ზის თეა წულუკიანი და აქვს აბსურდზე აგებული „პოდკასტი“. ამ კომისიაზე მიდიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც ტექსტებსაც ვერ იზეპირებენ და იბნევიან. მათი მიზანია 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთი მართალი გამოიყვანონ. ასევე, რეპრესიული მანქანა მომართონ ოპოზიციისკენ. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მათ ყველა რეპრესიული მანქანა გამოიყენეს და კიდევ აპირებენ მას ბრალი წაუყენონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ ეს კომისია იქნება, 5 აგვისტომდე, კიდევ დაიბარებენ ოპოზიციის ლიდერებს. მიხეილ სააკაშვილი იქ არ მივა და არც მგონია თეა წულუკიანს მისი კომისიაში გამოჩენა აწყობდეს.
5 აგვისტომდე გრძელდება ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტიის ლიდერებსაც დაიბარებენ. მათ ყველას დაბარება შეუძლიათ, რადგან ჩვენ ყველას გვაქვს საგარეო ვიზიტები და შეუძლიათ ეს ჯაშუშობად მონათლონ. „ქართულ ოცნებას“ ეს არ გაუჭირდება. ნიკა გვარამია, რომელიც ციხეშია ამ ე.წ. ბრალით, ისიც დაიბარეს განმეორებით. მათ შეუძლიათ რეპრესიული მანქანა გააძლიერონ და ჩვენს წინააღმდეგ მომართონ. იგივე შეიძლება გააკეთონ მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შემთხვევაში.
ყველა ადამიანს, რომელიც დაბარებულია ამ კომისიაში, მივმართავდი, არ მიიღონ მონაწილეობა მასში და ასევე არ მიიღონ მონაწილეობა ე.წ. თვითმმართველობის ფარსში“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რით აიხსნება ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გამოძიების დაწყებას 6 წლის გასვლის შემდეგ, ნარმანია აღნიშნავს: „ეს ხელისუფლების ჩვეული ტაქტიკაა – „ოცნების“ გუნდში ყოფნა ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათ ამას არ დაუფასებენ, გამოიყენებენ და მოისვრიან“.
„ის ადამიანები, რომლებიც ადანაშაულებენ ახლა გიორგი გახარიას, სხვანაირად საუბრობდნენ 2019 წელს, როდესაც საგუშაგო დაიდგა. ყოფილი შსს მინისტრი გომელაური გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ამართლებდა, ასევე მას მხარს უჭერდა დავით მათიკაშვილი, რომელიც დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობს. მე ვერ გამოვდგები გიორგი გახარიას დამცველად, თუმცა ამ ამბების შემდეგ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახადეს, „სუპერძალოვან მინისტრს“ ეძახდნენ და ლექსებს უძღვნიდნენ კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მესვეურები. „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლისთვის გუნდში ყოფნა ან მათ თამაშში შეყოლა ნიშნავს, რომ ამას არ დაუფასებენ, მხოლოდ გამოიყენებენ და მოისვრიან. იგივე შეიძლება გამოვიყენოთ ლევან იოსელიანის შემთხვევაშიც. ის „ქართული ოცნების“ სახალხო დამცველს ჰგავს, თუმცა ნახეთ პარლამენტში როგორ მოექცნენ“, – აღნიშნა მან.
იგორ ნარმანიამ ასევე შეაფასა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საქართველოში გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავადაც მოუსმენია, როგორ ესაუბრებოდა დიპლომატი „პირდაპირ უზრდელად მაღალი თანამდებობის პირებს“. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, როდესაც ვინმე „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ის ავტომატურად ხდება მტრის ხატი და უცხოური გავლენის აგენტი.
„თუ გავიხსენებთ ჰუბერტ ქნირშის განცხადებებს მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით, ის საკმაოდ ლოიალური იყო „ქართული ოცნების“ მიმართ, თუმცა როდესაც შეიცვალა მისი პოზიცია „ოცნების“ მიმართ, ის გახდა მტრის ხატი და უცხოური გავლენის აგენტი. ისინი ყველას ასე მოეპყრობიან, ვინც მათი პროპაგანდის ჩარჩოებში არ ჩაჯდება. „ქართული ოცნება“ არის არაპრინციპული, არაქართული რუსული ძალა, რომლისგანაც მსგავსი ქმედებები გასაკვირი არ არის“, – განაცხადა ნარმანიამ.
