მარიამ მაისაია, რომელიც ერთ-ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს შორის, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა, აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მარიამ მაისაია ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა.
მარიამ მაისაია სამსახურიდან გათავისუფლებას მის დასჯად მიიჩნევს თავისი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო.
„აი ხომ შეიძლება შეურაცხყოფილად ვგრძნობდე თავს, ან დამცირებულად.. არა და არ მოვიდა რომელიმე ეს გრძნობა.. ანარადა ორ კვირაზე მეტი კი გავიდა ამასობაში.. პირიქით, თავი ძალიან მაგარი და ღირსეული მგონია. უბრალოდ, “ხვალ” არ ვიცი რას ვაკეთებ და რა მელის და ეს ცოტათი მიფუჭებს ამ განწყობას.
ჰო, ვინც არ იცით, სამსახურიდან გამაგდეს 1 აგვისტოდან, თუ მაგდებენ.. ნუ როგორც არის. 1997 წლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩემი სამსახური სხვადასხვა მისიებით, მაგრამ ერთი მიზნისკენ, რისი ხმამაღლა გაჟღერებისთვის და კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის დამსაჯეს დიდებულად.
ჰოდა სანამ არკვევენ, მე დიფსთეითის მორჩილი ვარ, გლობალური ომის პარტიის წევრი, თუ სხვა რომელიმე მსგავსი გარე ძალის მიერ მართული, ჩემი, ერთწევრიანი, პოლიტიკური პარტიის ხედვას გაგიზიარებთ:
რაც აქ ვარ, ქართველთან – ჩამოსულთან თუ აქ მყოფთან – როცა ვსაუბრობ, ყველა ერთად ვთანხმდებით თუ როგორი მაგარი ქვეყანაა შვეიცარია, როგორ ჰგავს ამ ორი ქვეყნის ულამაზესი ბუნება ერთმანეთს და როგორ თავისუფლად შეიძლება ჩვენც გვქონდეს ასეთი ქვეყანა.. კი, ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამას ვერც დასჯილი, ვერც მორჩილი, ვერც დაბოღმილი, ვერც მოძალადე, ვერც შეშინებული, ვერც დათრგუნული და ვერც გულგრილი ხალხი ვერ გააკეთებს. ასეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სხვა ენერგია სჭირდება – პოზიტიური, ლაღი, გაბედული და თავისუფალი.. ჰოდა დაველოდოთ უკეთეს დროს, ღმერთის იმედად“, – წერს მარიამ მაისაია Facebook-ზე.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა.
მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.
