გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის კრიზისის დასასრულებლად შესაძლებლობის ორკვირიანი ფანჯარა არსებობს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ახლა დროა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული მძიმე სცენები შეწყდეს და თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია, რომელიც არავისთვის იქნება სასარგებლო. ახლა არსებობს ფანჯარა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად“, – აღნიშნულია დევიდ ლემის განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღრმავების თავიდან აცილების გზები განიხილა.
„ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ სახიფათოა. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ლემიმ შეხვედრების შემდეგ.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს ჟენევაში შეხვდება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.
