SJC: ავტორიტარული კანონების აღსრულება ჩვენს მიმართაც დაიწყო – ვაგრძელებთ ბრძოლას!

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 19 ივნისს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც ეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
SJC-ში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოსგან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს მათ პარალიზებას და გაჩუმებას.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. Ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.
ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას”, – აცხადებენ SJC-ში.
მათი თქმით, სოლიდარულები არიან პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ და მზად არიან, მათთან ერთად იბრძოლონ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დაფუძნების დღიდან იცავს ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლებებსა და ინტერესებს.