ლონდა თოლორაია – ოფისი აღარ გვაქვს, ჩვენი ორგანიზაცია დაიხურა – „ქართული ოცნების“ საბოლოო მიზანი არასამთავრობო სექტორის გაქრობაა

ჩვენ ოფისი აღარ გვაქვს, დავხურეთ, – ამის შესახებ ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელმა ლონდა თოლორაიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
თოლორაიას თქმით, მისი ორგანიზაცია უკვე დაიხურა, რადგან ძველი გრანტები ამოიწურა, ახალი გრანტის მიღებაზე კი ანტიკორუფციულმა სამსახურმა უარი უთხრა.
თოლორაიას თქმით, “ქართული ოცნების” საბოლოო მიზანი ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.
„ჩვენ ოფისი აღარ გვაქვს, დავხურეთ. გრანტები, რაც გვქონდა, ყველაფერი მორჩა, ახალი უკვე საჭიროებს ამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე თანხმობას ანტიკორუფციული ბიუროსაგან და ჩვენ უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი, რომ ბრიტანეთის საელჩოს გრანტის გაცემაზე მათ უარი თქვეს. ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ თითქოს ჯერ პროცედურები არ არის გაწერილი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. როცა სჭირდებათ, ერთ საათში კანონებს წერენ, ქმნიან და ანგრევენ უწყებებს და ა.შ. და ეს არგუმენტი არ არის სიმართლე, მათ უკვე უარი თქვეს ამ ყველაფერზე. გამოდის, რომ ჩვენ უკვე დავიხურეთ და გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე გავჩერდით.
მომავალს მე ვხედავ ასე – ეს პროცესი მათ თუ არ შეაჩერეს, ხვალ ISFED-ი დაიხურება და შეაჩერებს მუშაობას, ზეგ საია და ა.შ. საბოლოო მიზანი არის არასამთავრობო სექტორის გაქრობა და არარეალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ინფორმაციას არ ასაჯაროებს და დღეს არის ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყებები და არანაირ ინფორმაციას, მითუმეტეს, ფინანსურს არ გასცემენ და საზოგადოებას იმას არ ეუბნებიან, ბიუჯეტი რაში იხარჯება, თურმე, საზოგადოებას უნდა გააგებინონ, რაში იხარჯება ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული თანხები.
დონორების მიერ გაცემულ თანხას თვითონ დონორი ისე აკონტროლებს, დამერწმუნეთ, ამ პროცესს კონტროლი არ აკლია. თითოეული თეთრი ნამდვილად იმ მიზნით იხარჯება თუ არა, რა მიზნითაც იქნა გაცემული, ამას თვითონ დონორი აკონტროლებს და ამაზე არ ინერვიულონ, რომ არამიზნობრივად იქნება დახარჯული.
თუ ისინი (“ქართული ოცნება”) ამბობენ, რომ არაკანონიერად, დანაშაულებრივი მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები, ეს ახალი კანონები ამასთან საერთოდ კავშირში არ არის. ჩვენ აქამდეც გვქონდა კანონები, აქამდეც გვქონდა სისხლის სამართლის კოდექსი და მათ თავისუფლად შეეძლოთ, ეს კანონები გამოეყენებინათ ორგანიზაციების დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, თუ ამის ეჭვები რეალურად არსებობდა.
არაფერი დასამალი არც ჩემს ორგანიზაციას არ აქვს, ყველა თეთრი დაიხარჯა იმ მიზნისთვის, რა მიზნისთვისაც იყო გაცემული და ეს მიზნები იყო ან საგანმანათლებლო, ან სახელმწიფო უწყებების მონიტორინგი, ან მოქალაქეების დახმარებისთვის, რომელთა უფლებები შეილახა და ა.შ.
გამჭვირვალობისთვის რატომ იყო აუცილებელი ჩვენთვის აგენტების დარქმევა, ეს სახელწოდება რატომ იყო საჭირო? ერთადერთი მიზნით – დისკრედიტაცია საზოგადოებაში და ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ მართლა არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ვეწევით “, – განაცხადა თოლორაიამ.
თოლორაიამ ისაუბრა ადგილობრივ არჩევნებზეც, თოლორაის თქმით, “ქართულ ოცნებას” ძალიან აღელვებს არჩევნებზე დაკვირვების საკითხი, სწორედ ამიტომ არ იწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ხოლო ადგილობრივ ორგანიზაციებს ყველანაირ რესურსს ართმევს.
“მე ვფიქრობ, რომ აღელვებთ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე, ქვეყნის შიგნით და ეს ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, ზუსტად მაგიტომ იდგმება, რომ არც საერთაშორისო დამკვირვებლები ჰყავდეს ამ არჩევნებს, რომელიც წინ გველოდება და არც ადგილობრივი დამკვირვებლები. საერთაშორისო დამკვირვებელს არ მოიწვევენ და როგორც უკვე აღინიშნა, ამისთვის მათი მიმართვა არის საჭირო, ადგილობრივ ორგანიზაციებს მათი მიმართვა არ სჭირდებათ, თუმცა, ამას სჭირდება რესურსები და სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რესურსები ამ ორგანიზაციებს უკვე ამ ს პერიოდისთვის აღარ ჰქონდეთ, თუ ამ ტემპით წავლენ, რომელი ტემპიც უკვე აღებული აქვთ. არ უნდათ სწორედ იმიტომ, რის გამოც პრობლემები შეექმნათ საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა თოლორაიამ.