ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით- ქართული არასამთავრობოები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც რუსული კანონის ამოქმედებას გმობენ.
„ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს — „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“, „საფარს“, „მომავლის აკადემიას“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ — რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით.
ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე — მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე — პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა.
ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად — ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს — არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას.
ჩვენ ვიბრძვით ერთად — ერთმანეთისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის.
ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
· მედიის განვითარების ფონდი (MDF)
· გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია – ეკო სამოქალაქო აქტივობის ცენტრი
· ლაკმუსი
· პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
· NEOGENI RICDOG – სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
· წერტილი
· თბილისი პრაიდი
· საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
· ადამიანის უფლებათა ცენტრი
· სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
· თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
· პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
· კანონის უზენაესობის ცენტრი
· ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
· ევროპის ფონდი
· EECMD
· სამოქალაქო იდეა
· Მწვანე ალტერნატივა
· პრევენცია პროგრესისთვის
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
· დემოკრატიის მცველები
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
· პროაქტივ ჯგუფი
· საქართველო შშმ ქალთა ალიანსი
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
· Neo Tv და ქართული მედია ჯგუფი (GMG)
· პლატფორმა “სალამ”
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი
· საქართველოს რეფორმების ასოციაცია
· დემოკრატიის ინსტიტუტი
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
· პლატფორმა ,,სოციალურად დაუცველთა გვერდით”
· საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
· მედიაომბუდსმენი
· საქართველოს სასამართლოს გუშაგი
· საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
· საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
· ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
· ყვარლის ევროკლუბი
· სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
· ოპიოდოკი
18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.
კერძოდ, 17 ივნისს მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობებიდან, რომელსაც ნეტგაზეთი გაეცნო, ირკვევა, რომ უწყებამ ორგანიზაციებიდან ინფორმაცია 4 კანონის საფუძველზე გამოითხოვა:
· „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი
· „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი
· „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონი
· „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ (ე.წ. ფარა)
თუმცა სასამართლოს განჩინებებში, რომლებიც ორგანიზაციებს გაუგზავნეს, სამართლებრივ საფუძვლებში ე.წ. ფარა დასახელებული არ იყო.
ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ინფორმაციას ე.წ. ფარათიც ითხოვდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასამთავრობოებმა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა გამოითხოვეს, რომლითაც უწყებამ სასამართლოს მიმართა.