ანტიკორუფციული ბიუროს “მტკიცებულებები” ორგანიზაციების წინააღმდეგ

ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებისგანაც ათასგვარ ინფორმაციას ითხოვს, ის შუამდგომლობები გაუგზავნა, რომლითაც სასამართლოს მიმართა.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობებში ის „მტკიცებულებებია“ ჩამოთვლილი, რომელთა საფუძველზეც კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ეჭვი მიიტანეს.
ჯერჯერობით საუბარია ხუთ ორგანიზაციაზე:
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი,
· საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო,
· საფარი,
· მომავლის აკადემია
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
ამ ორგანიზაციებს ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი მასალებიც.
ნეტგაზეთი რამდენიმე ორგანიზაციასთან დაკავშირებულ შუამდგომლობას გაეცნო და აღმოჩნდა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ წინააღმდეგ „მტკიცებულებებად“ მიუთითა ს სადამკვირვებლო პროექტი, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები, მათ შორის: „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობაზე, მმართველი პარტიის რუსულ კურსზე, „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე… “მტკიცებულებებს” შორისაა, ასევე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლები ევროკავშირის და -ის ინსტიტუტებში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ორგანიზაციების წინააღმდეგ მტკიცებულებებად იმ აქტივობებისა და განცხადებების მიჩნევა, სადაც ისინი ადამიანთა უფლებების დარღვევებზე საუბრობენ და ადამიანებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან სრულიად შეუთავსებელია.
ნეტგაზეთი გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წინააღმდეგ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლოში წარდგენილ “მტკიცებულებებს”.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციებზე პირველ ორ „მტკიცებულებად“ ანტიკორუფციულ ბიუროს წარდგენილი აქვს მათი წესდებები და მათ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია დონორების მიერ დაფინანსებული მიმდინარე გრანტების შესახებ.
მტკიცებულებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წინააღმდეგ
ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობას 20-მდე მტკიცებულება დაურთო, მათ შორისაა:
· 2024 წლის 17 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც მითითებულია: „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ. დღეს, 17 ოქტომბერს, რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ.“
· 2024 წლის 22 ნოემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი სახელწოდებით: „ამოიღე ხმა დაიბრუნე ხმა!“. ამასთან, გამოქვეყნებულ პოსტში მითითებულია: „საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა. 25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა.“
· 2024 წლის 22 ნოემბერს, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომლის ხელმომწერ ორგანიზაციასაც წარმოადგენს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“. განცხადებაში აღნიშნულია: „26 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. შედეგი, რომელიც მ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ეს არ იყო არჩევნები, რადგან ის არ იყო ფარული, თავისუფალი და სამართლიანი.“ განცხადება მოიცავს კითხვას – „რა უნდა გავაკეთოთ“, რის პასუხადაც განცხადებაშივე მითითებულია: „…ძალაუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, „ე.წ. ხელისუფლებასთან“ თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში. […] აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია და ერთიანი მოთხოვნის კომუნიკაცია არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან. […} მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაცია. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქმიანობას საკუთარი კონტაქტების გამოყენებით საერთაშორისო ზეწოლის და მოთხოვნების გასაძლიერებლად. მივესალმებით 18 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მოვლენების განვითარების საკუთარი ხედვის წარმოდგენას…“.
· 2024 წლის 1 დეკემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი სახელწოდებით – „საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად“ და ფოტომასალა, სადაც აღნიშნულია აქციის თარიღი და დრო.
· 2024 წლის 2 დეკემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც მითითებულია: „არჩევნების გაყალბებით მოპოვებული ძალადობის შენარჩუნების მცდელობა სწორედ ამგვარია, ძალაუფლების მქონე პირები ყველა ფასით ცდილობენ ხელისუფლების მოპოვებას/შენარჩუნებას. აღნიშნულს წინ შეგვიძლია აღვუდგეთ ჩვენ, ქართველი ხალხი.“
· 2024 წლის 5 დეკემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუ, სადაც ეკა გიგაური ამბობს: ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ასევე უნდა, რომ საქართველო გახდეს ს ნაწილი და არა ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვგმობთ ამ ყველაფერს, ჩვენ ვხედავთ, რომ მას აქვს პირადად გადაწყვეტილი, რომ სცემონ მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომ გაუსწორდნენ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს და შეაშინონ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ დღეს თქვენ ხედავთ რამდენი ადამიანი არის მოსული – გუშინ, გუშინდელზე მეტი ადამიანი არის მოსული. აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისი არ ეშინიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იბრძოლებს ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს… “.
· 2025 წლის 9 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც მითითებულია: „ქართული ოცნების” ოლიგარქიულმა რეჟიმმა აქტივისტთა ჯგუფების დევნა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი წლის წინ, პირველად „რუსული კანონი” დააინიცირა. როგორც ცხადი გახდა, ქვემოდან აღმოცენებული პროტესტისა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ჩართული ჯგუფების მხოლოდ სასტიკი დარბევებით გაჩერება მათთვის მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდა.”
· 2025 წლის 6 თებერვალს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც მითითებულია: „ქართული ოცნების” პარლამენტმა 3 თებერვალს დაიწყო დიქტატორული წესების განხილვა, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას.”
· 2025 წლის 8 თებერვალს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მითითებულია: „საქართველო დგას გადამწყვეტი საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა! დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ შეიყვანოს!“.
· 2025 წლის 24 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც მითითებულია: „ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.”
· 2025 წლის 30 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი სახელწოდებით: „თუ გინდა, გამოცხადებული ღალატის ქრონიკა შეაჩერო, გამოდი 31 მარტს, 20 საათზე რუსთაველზე. დავიცვათ რეფერენდუმის მონაპოვარი – რუსეთისგან ჩვენი დამოუკიდებლობა!”.
· 2025 წლის 3 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის პოსტი: „2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მიმართულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვისკენ ან სულაც მოსპობისკენ და ქმნის საკანონმდებლო ბაზას ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.”
· 2025 წლის 8 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი, სადაც მითითებულია: „საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.”
· 2025 წლის 9 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა _ შემდეგი პოსტი: „მიუხედავად იმისა, რომ ოცნების რეჟიმმა რადიკალურად შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი და ევროინტეგრაციის ტრაექტორია, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა მტკიცე ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ და მათ დასაცავად ბრძოლის მზაობა. ამის დადასტურებაა უწყვეტი პროტესტი ქალაქების ქუჩებში 160 დღის განმავლობაში.”
· 2025 წლის 14 მაისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულია ვიდეო მასალა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის მენეჯერი ლიკა საჯაია „ფორმულას“ ეთერში საუბრობს და ამბობს: ყველა ეს კანონპროექტი, რასაც და კანონი, რასაც არალეგიტიმური პარლამენტი იღებს დეკემბრიდან, სინამდვილეში მიზნად ისახავს, რომ ქვეყანა გახდეს არადემოკრატიული და ტოტალიტარული და ამიტომ მათი ჩანაფიქრი რა უნდათ, მე ვფიქრობ, რომ არანაირ კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. თითოეული ეს დიქტატორული კანონები, აი, ეს სახელი შეიძლება დავარქვათ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიიღება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ არ არსებობდეს არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი, არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც კრიტიკულ აზრს გამოხატავს.“
· 2025 წლის 4 ივნისს, ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა ევროპარლამენტის სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებები გააკეთა: „ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში არ ვართ მარტო“ […] „პოლიტპატიმრების ბრძოლა მოტივაციას გვაძლევს, გვაძლიერებს და გავაკეთებთ ყველაფერს მათ გასათავისუფლებლად“ […..] „ჩვენ გვსურს, სანქციები არ გავრცელდეს ხალხზე და იყოს მიზნობრივი იმ პირების მიმართ, ვინც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებას.“ […..] „ხშირია საუბარი უვიზო რეჟიმის გადახედვაზე — არა, არსებობს სხვა მრავალი მექანიზმი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას. ძალზედ მნიშვნელოვანია, არ შეწყდეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხისთვის.“ „მნიშვნელოვანია, ეს ქმედებები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები კოორდინირდეს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან.“ […] „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა მოახდინონ არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია და მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, დემოკრატიისთვის მებრძოლებს, დამოუკიდებელ მედიას და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას.“
“მტკიცებულებები” სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წინააღმდეგ
ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობას 10-ზე მეტი “მტკიცებულება” დაურთო, მათ შორისაა, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები და ფონდის წარმომადგენლების განცხადებები.
მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს ერთ-ერთ მტკიცებულებად მოაქვს პროექტი „შენი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა და რომლის მიზანიც პროდასავლელი ამომრჩევლის ინფორმირება და მობილიზება და ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა იყო.
„ეს ძალიან აშკარა სიგნალია ყველასთვის“
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მტკიცებულებად მიჩნეული აქტივობები, ყველასთვის სიგნალია, ვისაც არჩევნებზე მართლაც სურს დაკვირვება.
„პირველი მტკიცებულება, რაც არის წარმოდგენილი, ეს არის იმის შესახებ, რომ ჩვენ ვაწარმოებდით სადამკვირვებლო საქმიანობას და კამპანიას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მისულიყო არჩევნებზე, ანუ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოქალაქეებისთვის იმის თქმით, რომ არჩევნებზე მისვლა არის კარგი და იქნებ არჩევნებზე მივიდეთ. ამ შუამდგომლობიდან გამოდის, რომ ამის თქმა, დაკვირვების საქმიანობა და მოქალაქეებისთვის მოწოდება, რომ არჩევნებზე მივიდნენ, არის დამატებითი ვალდებულებების და ზედამხედველობის დაკისრების საფუძველი. ეს ძალიან აშკარა სიგნალია ყველასთვის, ვისაც მართლა სურს არჩევნებზე დაკვირვება, რომ მათზეც შეიძლება გავრცელდეს ანალოგიური მოცემულობა“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
ამასთან, იურისტის თქმით, ორგანიზაციების წინააღმდეგ მტკიცებულებებად იმ განცხადებების მოყვანა, სადაც ისინი ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბრობენ, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან სრულიად შეუთავსებელია.
„ეს არის აბსოლუტურად ირელევანტური საკითხები, როცა ადამიანები გამოდიან და საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში უფლებრივი კუთხით, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, გვყავს პოლიტპატიმრები, ადამიანებს უკანონოდ აკავებენ, სცემენ და ა.შ. თურმე, ამაზე საუბარი ასევე არ შეიძლება, თორემ შემდეგ, შეიძლება, დამატებითი ვალდებულებები დაგეკისროს. რა თქმა უნდა, ესეც სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობებიდან, რომელსაც ნეტგაზეთი გაეცნო, ირკვევა, რომ უწყებამ ორგანიზაციებიდან ინფორმაცია 4 კანონის საფუძველზე გამოითხოვა:
· „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი
· „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი
· „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონი
· „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ (ე.წ. ფარა)
თუმცა სასამართლოს განჩინებებში, რომლებიც ორგანიზაციებს გაუგზავნეს, სამართლებრივ საფუძვლებში ე.წ. ფარა დასახელებული არ იყო.
ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ინფორმაციას ე.წ. ფარათიც ითხოვდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასამთავრობოებმა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა გამოითხოვეს, რომლითაც უწყებამ სასამართლოს მიმართა.
· სასამართლომ ბრძანებაში არ თქვა, რომ ანტიკორუფციულმა ე.წ. ფარათიც მიმართა
· მიმოწერები, ფოტო-ვიდეო, ბენეფიციარების ინფორმაცია – რას ითხოვს ანტიკორუფციული 5 ორგანიზაციისგან
· კუპრაშვილის თქმით, ორგანიზაციებში გაცხადებულ პოლიტიკურ სუბიექტებს ეძებენ